Logo Left
Logo Right

ლიფტის ფობია (ელევატორფობია): რატომ გვეშინია ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის?

ლიფტის ფობია (ელევატორფობია): რატომ გვეშინია ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის?

 

 

ლიფტი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საბედნიეროდ, ის ალბათ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის სიის სათავეშია, თუმცა ბევრი ადამიანისთვის ლიფტით მგზავრობა სერიოზული შფოთვის წყაროა. 

 

ლიფტის ირაციონალურ და მძაფრ შიშს ელევატორფობია ეწოდება. თუ ადამიანი ამ ფობიით იტანჯება, მაშინ შიში სცდება უბრალო დისკომფორტს და შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს მისი ყოველდღიურობა – აიძულოს, უარი თქვას მაღალ სართულზე მუშაობაზე, მეგობრების მონახულებაზე ან აუცილებელი სერვისების მიღებაზეც კი. საბედნიეროდ, დღეს ამ შიშზე უკვე იმდენი ვიცით, რომ მასთან წარმატებით ბრძოლა შეგვიძლია. მთავარია ადამიანი პრობლემას გულისყურით მიუდგეს, მკურნალობის სწორი გზა შეარჩიოს და ლიფტებით მგზავრობასაც, წესით, დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს.

 

ამ ბლოგში ელევატორფობიის გამომწვევ მიზეზებს განვიხილავთ და მასთან გამკლავების ეფექტურ მეთოდებზე ვისაუბრებთ. 

 

 

ელევატორფობიის მთავარი გამომწვევი მიზეზები

 

ლიფტის შიში ხშირად რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით არის გამოწვეული და მისი სათავე, როგორც წესი, წარსულ გამოცდილებებსა და არსებულ გარემოში იმალება.

 

ყველაზე ხშირი მიზეზი წარსულში მიღებული ტრავმული გამოცდილებაა. აუცილებელი არაა ეს გამოცდილება დიდ საფრთხესთან იყოს დაკავშირებული – ხშირია შემთხვევები, როცა ლიფტში მცირე ხნით გაჭედვა, უეცარი გაჩერება ან მცირე ტექნიკური გაუმართაობა, რომელსაც მალევე ასწორებენ, გამხდარა ელევატორფობიის გამომწვევი. 

 

მიზეზი იმაშია, რომ ასეთი მოვლენა ტვინში ქმნის მყარ ნეგატიურ ასოციაციას – ლიფტები საფრთხესთან იგივდება. ტრავმული გამოცდილების შემდეგ, ტვინის საფრთხის აღქმის ცენტრი, ამიგდალა, ზედმეტად მგრძნობიარე ხდება და ლიფტთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტიმულზე ავტომატურად რთავს შფოთვით რეაქციას.

 

მაგრამ, ფობიის განვითარებას ყოველთვის პირადი ნეგატიური გამოცდილება არ სჭირდება. ის შეიძლება სხვების გამოცდილებების ფონზეც ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებით ბავშვობაში. მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი ან სხვა ავტორიტეტული პირი ლიფტში შესვლისას პანიკას იწყებს, ის ამ ქცევის აფიქსირებს და ქვეცნობიერად „სწავლობს“, რომ ლიფტი სახიფათოა. 

 

21-ე საუკუნეში დიდ როლს თამაშობს მედიაც, სადაც ფილმებსა და სერიალებში ხშირად ვხვდებით ლიფტის ჩავარდნის, გაჭედვისა და სხვა კატასტროფების დრამატულ და გაზვიადებულ სცენებს, რაც შიშს აძლიერებს.

 

 

ელევატორფობიასთან გამკლავების გზები

 

 

საბედნიეროდ, ელევატორფობია დაძლევადია და მასთან საბრძოლველად არაერთი ეფექტური მეთოდი არსებობს. ეს ტექნიკები ადამიანს ეხმარება, მართოს შფოთვა და შეცვალოს ლიფტთან დაკავშირებული ნეგატიური აღქმა.

 

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ირაციონალური შიშების ფაქტებით ჩანაცვლებაა. თუ ელევატორფობია შედარებით სუსტი გამოვლინებით გაქვთ, შესაძლოა ე.წ. “აუტოტრენინგმა” იმუშაოს: ადამიანი მუდმივად ახსენებს თავს ისეთ დეტალებს, რაც ლიფტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგალითად: 

 

  • თანამედროვე ლიფტებს იჭერს რამდენიმე ფოლადის ბაგირი, ხოლო თითოეულ ბაგირში, თავის მხრივ კი ბევრი წვრილი, მაგრამ მტკიცე ფოლადის მავთული — ცალკეულად ყველა ამ ბაგირს დამოუკიდებლად შეუძლია სავსე კაბინის დაჭერა

 

  • თანამედროვე ლიფტებს აქვთ ავარიული მუხრუჭები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისას ავტომატურად ირთვება, კაბინას ამუხრუჭებს და რელსებზე ამაგრებს, რომ გაუმართაობის აღმოფხვრამდე აღარ დაიძრას.

 

  • თანამედროვე ლიფტებს აქვთ სავენტილაციო სისტემები და საგანგებო კომუნიკაციის საშუალებები, რაც საშუალებას გაძლევთ კაბინიდან დახმარების ჯგუფთან მუდმივ კონტაქტზე იყოთ.

 

თუ ცოტა მეტი გჭირდებათ, შეგიძლიათ შეამოწმოთ ისეთი დეტალები, როგორც რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა ლიფტი და რომელი ბრენდისგანაა. სანდო ლიფტების კომპანია ყოველთვის ზრუნავს, რომ მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მხოლოდ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებიც კონკრეტულ გაწერილ სტანდარტებს იცავენ, ამიტომ რეპუტაცია ამ სფეროში უკვე გარკვეული გარანტიაა.

 

შფოთვის ფიზიკური სიმპტომების სამართავად კი ეფექტურია სუნთქვითი და გონებრივი ვარჯიშები. მაგალითად, რიტმით სუნთქვა – 4 წამის განმავლობაში ჩასუნთქვა, 4 წამით სუნთქვის შეკავება, 4 წამით ამოსუნთქვა და 4 წამით შეკავება –  ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ასევე პოპულარულია დაწყნარების ტექნიკა „5-4-3-2-1“: მისი გამოყენებისას უნდა დაასახელოთ 5 საგანი, რომელსაც ხედავთ, 4 საგანი, რომელსაც ეხებით, 3 ხმა, რომელიც გესმით, 2 სუნი, რომელსაც გრძნობთ და 1 გემო. ეს მეთოდი გონებას რეალობასთან მჭიდროდ აბამს და შფოთვისგან ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს.

 

მაგრამ, თუ ადამიანს ლიფტების ფობია უფრო მძიმე ფორმაში აქვს, ისე, რომ მის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს, საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალური დახმარებაა. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ფობიებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება. მისი ნაწილია ექსპოზიციური თერაპია, რომლის დროსაც ადამიანი თერაპევტის დახმარებით, კონტროლირებად გარემოში, ეტაპობრივად უპირისპირდება საკუთარ შიშს – დაწყებული ლიფტის ფოტოს ნახვით, დამთავრებული მასში მარტო მგზავრობით.

 

 

სხვა ფობიები, რომლებსაც ლიფტების შიში ახასიათებს: კლაუსტროფობია, კლეიტროფობია, აკროფობია

 

 

ლიფტის ფობია იზოლირებული გამოვლენით საკმაოდ იშვიათია. ხშირად ის სხვა ფობიების სიმპტომია. შესაძლოა, ადამიანს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფობია სუსტი, მართვადი ფორმით ჰქონდეს და ყოველდღიურობაში მასთან გამკლავებას ახერხებდეს, მაგრამ ლიფტის სპეციფიკურ გარემოში ეს შიში უკონტროლოდ მძაფრდებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რეალურად რა ფობიაა დომინანტური და შემდეგ უკვე მასზე მუშაობა.

 

 

  • კლაუსტროფობია (Claustrophobia) – დახურული და შეზღუდული სივრცის შიში. ლიფტის პატარა, დახურული კაბინა ამ ფობიის კლასიკური ტრიგერია. ადამიანმა შეიძლება თავი აარიდოს პატარა ოთახებს ან ხალხმრავლობას, მაგრამ ლიფტის გარემო, სადაც სივრცე მცირე და ჩაკეტილია, შფოთვას აუტანელს ხდის.

 

  • კლეიტროფობია (Cleithrophobia) – კლაუსტროფობიისგან განსხვავებით, ეს არის არა სივრცის ზომის, არამედ მასში ჩაკეტვის, გაჭედვის შიში. ლიფტის შემთხვევაში, შიშის მთავარი გამომწვევი კონტროლის დაკარგვაა. შეიძლება ადამიანს არ აწუხებდეს პატარა ოთახი, თუ იცის, რომ კარი ღიაა და გასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ როცა ლიფტის კარი იკეტება, მგზავრს გაჩერებამდე გასვლის შესაძლებლობა აღარ აქვს. ამ ფობიის მქონე ადამიანებისთვის ეს განსაკუთრებით რთული სიტუაციაა.

 

  • აკროფობია (Acrophobia) – სიმაღლის ირაციონალური შიში. ეს შიში მძაფრდება მაღალ სართულებზე, განსაკუთრებით კი შემინულ და პანორამულ ლიფტებში. მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება და იმის გაცნობიერება, რომ მიწას ათობით მეტრით ხარ დაშორებული, შიშს ამძაფრებს, მაშინაც კი თუ იგივე ადამიანს შეუძლია მშვიდად იდგეს მაღალი შენობის აივანზე.

თუ პრობლემა სინამდვილეში სიმაღლის ან ჩაკეტილი სივრცის შიშია, შესაძლოა, მკურნალობაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს და არა ზოგადად ლიფტის შიშისკენ.

 

საბედნიეროდ, ლიფტის შიშის დაძლევა სრულიად რეალურია და თან რამდენიმე სხვადასხვა მიდგომა არსებობს, ამიტომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია აირჩიოს ისეთი, რომელიც მისი კონკრეტული პრობლემისთვის მაქსიმალურად ეფექტურია. მთავარია პრობლემის აღიარება და მის მოსაგვარებლად პირველი არაკომფორტული ნაბიჯის გადადგმა – ყოველი შემდეგი კი უფრო ადვილი იქნება.