Logo Left
Logo Right

როგორ მოვიდა ლიფტები ჩვენამდე? ყველაზე უსაფრთხო ვერტიკალური ტრანსპორტის მოკლე ისტორია

ლიფტების ისტორიული განვითარება

 

ლიფტი თანამედროვე მეტროპოლისში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა უმეტესობა ალბათ ერთხელაც არ დაფიქრებულა რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურობაში. ან, თუ დაფიქრებულა, მხოლოდ მაშინ, როდესაც შუქის წასვლის დროს ულიფტოდ დასჭირვებია მაღალ სართულზე ასვლა. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად აცნობიერებ, რამდენად უფრო არაკომფორტული იქნებოდა ცხოვრება, ლიფტი რომ არ გვქონდეს.

 

და ალბათ მაშინაც კი არ ვფიქრდებით ლიფტის კომპლექსურ ისტორიასა და გიგანტურ გავლენაზე. ლიფტი გაცილებით მეტია, ვიდრე რიგითი უბრალო მექანიზმი რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს; მან რადიკალურად შეცვალა თანამედროვე არქიტექტურა, ურბანული განვითარება და ყოველდღიური ცხოვრების სტილი. 

 

სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ თანამედროვე მეტროპოლისები ვერ იარსებებდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს ლიფტი რომ არა – მსოფლიოს ყველა ლიფტს თუ შევკრებთ, ისინი ერთობლივად დღის განმავლობაში დაახლოებით დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 1/3-ის ექვივალენტს გადაიყვანენ. 

 

 

უძველესი ამწევი მექანიზმებიდან თანამედროვე ლიფტამდე

 

ვერტიკალური გადაადგილების იდეა კაცობრიობისთვის არც თუ ისე ახალი ხილია – ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა. პირველი ამწე მოწყობილობები ათასობით წლის წინ შეიქმნა და ძირითადად სამშენებლო საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითად, მესოპოტამიაში ძვ.წ. 1500 წლისთვის უკვე იყენებდნენ საბაზისო საბრუნავ მექანიზმს წყლის ჭიდან ამოსატანად. 

 

გაუმჯობესებული ამწევი მექანიზმების შექმნა ძვ.წ. III საუკუნეში არქიმედეს სახელს უკავშირდება. შემდეგ იყო რომაელების შექმნილი დიდი საბიჯებელი ბორბალი, ე.წ. Magna Rota, რომელიც ტრიალებდა როდესაც შიგ ადამიანები დადიოდნენ (თუ ზაზუნას ბორბალი გაგახსენდათ – კი, დაახლოებით იგივე მექანიზმია, იმ განსხვავებით, რომ ბორბალზე ამწე მექანიზმი იყო დამაგრებული და გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობაში მასალების ასაწევად გამოიყენებოდა). 

 

XIX საუკუნის შუა წლებში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ამწევი მექანიზმების განვითარებაში ახალი ნაბიჯი გადადგა, და ორთქლის ძრავები და ჰიდრავლიკური სისტემები დანერგა. თუმცა, ამ ადრეულ მოდელებს, განსაკუთრებით საბაგირო სისტემებს, უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები ჰქონდა – თუ ბაგირი ზეწოლას ვერ უძლებდა და წყდებოდა, კაბინა უბრალოდ ვარდებოდა.

 

გარდამტეხი მომენტი 1852 წელს დადგა, როდესაც ამერიკელმა გამომგონებელმა, ელიშა გრეივს ოტისმა, თავისი რევოლუციური უსაფრთხოების მექანიზმი – „უსაფრთხო მუხრუჭი“ – წარუდგინა საზოგადოებას. სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებდა კაბინას ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში. ორი წლის შემდეგ, 1854 წელს ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე ოტისმა თავისი გამოგონების პრაქტიკაზე დემონსტრაცია მოაწყო, რათა საზოგადოება მის საიმედოობაში დაერწმუნებინა. პირველი კომერციული სამგზავრო ლიფტი ოტისის უსაფრთხოების მექანიზმით 1857 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დამონტაჟდა.

 

XIX საუკუნის ბოლოს, 1880 წელს, ვერნერ ფონ სიმენსმა კიდევ ერთხელ ძირეულად შეცვალა მთელი ინდუსტრია. მან შექმნა პირველი ლიფტი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა. 

 

იმ სახით, კი რა სახითაც დღეს ვიცნობთ, ლიფტი მე-20 საუკუნეში შეიქმნა. ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და დაინერგა ბევრი ის ტექნიკური დეტალი, რომელიც თანამედროვე მოდელების განუყოფელი ნაწილია: ღილაკებიანი მართვის სისტემები, ავტომატური კარები, სიჩქარის კონტროლი და ჯგუფური მართვის სისტემები.

 

თუ ლიფტი ტრანსპორტია, მაშინ ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია დღეს

 

 

თუ ლიფტს სატრანსპორტო საშუალებად განვიხილავთ, მაშინ დღესდღეობით ლიფტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა დედამიწაზე. ამას უზრუნველყოფს მკაცრი თანამედროვე სტანდარტები და უსაფრთხოების მრავალშრიანი სისტემები, რომლებიც კვლავ განაგრძობს განვითარებასა და დახვეწას. 

 

ელიშა ოტისის მიერ გამოგონილი მუხრუჭის მექანიზმი ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა და დღეს ბევრად უფრო მრავალფუნქციური და კომპლექსურია. დღესდღეობით ისინი არა მხოლოდ გაწყვეტილ ბაგირზე რეაგირებენ: მაგალითად, თუ ლიფტის მოძრაობის სიჩქარე დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს, სპეციალური სიჩქარის რეგულატორები (overspeed governors) ავტომატურად ააქტიურებენ ავარიულ მუხრუჭებს, რომლებიც კაბინას მყისიერად აჩერებენ რელსებზე ჩაჭერის გზით. სიჩქარის რეგულატორები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც ვერტიკალური მგზავრობის უსაფრთხოებას ეხება საქმე. თანამედროვე ესკალატორიც და საბაგიროც, მაგალითად, აუცილებლად აღჭურვილია სიჩქარის რეგულატორებით. კარებში დამონტაჟებულია ბლოკირების სისტემები, რომლებიც გამორიცხავენ კარების გაღებას, თუ კაბინა სართულის დონეზე ზუსტად არ არის გაჩერებული.

 

სტატისტიკურად, ლიფტით მგზავრობისას უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმალურია, – თუ ის, რასაკვირველია, სათანადოდ არის დამონტაჟებული და რეგულარულად გადის ტექნიკურ შემოწმებას. ლეგიტიმური საფრთხეების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც წესი, არაპროფესიონალური მომსახურებით და უხარისხო ლიფტების მონტაჟით არის გამოწვეული. 

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიფტის შერჩევა, მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაზე სანდო ლიფტების კომპანია იყოს პასუხისმგებელი. სანამ სასურველ მოდელს აარჩევთ, ჯერ დარწმუნდით, რომ კომპანია, რომელთანაც ითანამშრომლებთ ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებს დაცვით მუშაობს.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები: როგორ “ჭკვიანდება” ლიფტი

 

 

თუ 20-ე საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესი ჩქარი იყო, 21-ე საუკუნეში ის ელვისებურია. ელიშა ოტისი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, როგორი სწრაფი, გამძლე და “ჭკვიანი” იქნებოდა თანამედროვე ლიფტი. 

 

ჩვენთვის კი სმარტ ტექნოლოგიები უკვე არა ფუფუნება, არამედ კომფორტის აუცილებელი ელემენტია. დანიშნულების სართულის კონტროლის სისტემები (Destination Dispatch Systems), მაგალითად, აადვილებს მგზავრთა დიდი ნაკადის გადაყვანას: ამცირებს ლოდინის დროს და ზოგავს ენერგიას. ხელოვნური ინტელექტი არსებული ტრაფიკის საფუძველზე ქმნის პროგნოზს, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, მოერგოს შენობის სპეციფიკურ მოთხოვნებს. IoT (ნივთების ინტერნეტი: სენსორები, პროგრამული უზრუნველყოფა და ქსელური კავშირი) რეალურ დროში აგროვებს მონაცემებს ლიფტის მუშაობის შესახებ და პროგნოზირებს პოტენციურ პრობლემებს, სანამ ისინი რეალობად იქცევა.

 

თანამედროვე ლიფტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობაა. რეგენერაციული ამძრავები დამუხრუჭებისას გამოყოფილ ენერგიას აგროვებენ და ან შენობის ქსელში აბრუნებენ, ან სხვა ლიფტების მუშაობისთვის იყენებენ. LED განათებასა და მოძრაობის სენსორებს მინიმუმამდე დაჰყავთ ენერგიის მოხმარება, როდესაც სამგზავრო ლიფტი ადგილზე დგას. 

 

ლიფტების როლი თანამედროვე მშენებლობაში ფასდაუდებელია. სწორედ უსაფრთხო და ეფექტურმა ლიფტებმა გახადა შესაძლებელი მაღალსართულიანი ცათამბჯენების აგება: საშუალება მისცეს ქალაქებს, გაზრდილიყვნენ ვერტიკალურად, გაეზარდათ მოსახლეობისა და ბიზნესის კონცენტრაცია შეზღუდულ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, შექმნეს თანამედროვე მეტროპოლისი. დღეს მათ გარეშე უკვე შეუძლებელია ქალაქში კომფორტულად ცხოვრება. თუ მრავალსართულიან შენობას ვაშენებთ, ლიფტის მონტაჟი აუცილებელი ელემენტი იქნება, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ – ამიტომ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ სანდო პარტნიორის პოვნაზე, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს.