Logo Left
Logo Right

რა მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტი?

შშმ ლიფტის მოთხოვნები და სტანდარტები

 

ამჟამინდელი სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს გარკვეული ფორმის შეზღუდული შესაძლებლობით. დასავლურ სამყაროში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და კომერციულ შენობებში ადაპტირებული გარემოს შექმნა სამოქალაქო უფლებების ნაწილია და არა უბრალო კეთილი ნება. ეს ნიშნავს, რომ ლიფტის გამოყენება დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ, დამხმარე პერსონალის გარეშე, ყველასთვის შესაძლებელი უნდა იყოს.

 

ნამდვილად სანდო და გამოცდილი ლიფტების კომპანია, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, აუცილებლად შესთავაზებს დამკვეთს არა მხოლოდ მექანიკურად გამართულ მოწყობილობას, არამედ სისტემას, რომელიც სრულად პასუხობს „უნივერსალურად ხელმისაწვდომი დიზაინის“ პრინციპებს. კონცეფცია გულისხმობს გარემოს შექმნას, რომელიც თანაბრად კომფორტულია სმენის, მხედველობის, კოგნიტური თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების მქონე პირებისთვის.

 

 

რას ნიშნავს „ხელმისაწვდომი ლიფტი“ სინამდვილეში?

 

საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს სპეციალიზებული ლიფტი შშმ პირებისთვის მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებზე მორგებულ სისტემას გულისხმობს. სინამდვილეში, სტანდარტები ფართო საზოგადოებრივ საჭიროებებს მოიცავს. როდესაც ვსაუბრობთ ადაპტირებაზე, ვგულისხმობთ დიზაინს, რომელიც ამარტივებს ცხოვრებას შენობის ყველა სტუმრისთვის, მათი სპეციფიკური მოთხოვნების მიუხედავად.

 

მაგალითად, ევროპაში კარგად დაპროექტებული თანამედროვე ლიფტები შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს მხედველობის ან სმენის პრობლემების მქონე პირმა. მხედველობის პრობლემებისას არავიზუალური ორიენტირები — ხმოვანი შეტყობინებები, ტაქტილური ღილაკები და ა.შ. — ეხმარება. სმენის დაქვეითების მქონე პირებისთვის კი ეკრანზე სპეციალური ვიზუალური სიგნალები ჩნდება. ასევე, მართვის პანელი მაქსიმალურად ლოგიკური და ინტუიციურია, რათა კოგნიტური თავისებურებების მქონე ადამიანებს გაუმარტივოს მგზავრობა. თითოეული ეს დეტალი ნაკლებად მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანს კონკრეტულად გადაადგილება უჭირს — მაგრამ ერთიანობაში ქმნის ეკოსისტემას, რომელიც ნებისმიერ, ყველაზე მოწყვლად მგზავრსაც კი, მაქსიმალურად უმარტივებს პროცესს.

 

 

რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს შშმ ლიფტი?

 

ასეთი ლიფტების სტანდარტში მკაცრადაა გაწერილი ტექნიკური მოთხოვნები. ეს დეტალები ხშირად შეუმჩნეველია რიგითი მგზავრისთვის, თუმცა გადამწყვეტ როლს თამაშობს უსაფრთხოებაში. მაგალითად, კარის ღიობი უნდა იყოს მინიმუმ 90 სმ, რათა ეტლით მოსარგებლემ დაუბრკოლებლად შეძლოს შესვლა. მნიშვნელოვანია კარის დაყოვნების დრო — სტანდარტული 3 წამი ხშირად არასაკმარისია შშმ პირებისთვის, ამიტომ საერთაშორისო რეგულაციები (ISO 8100-7) ითხოვს, რომ კარის ღია მდგომარეობაში გაჩერების დრო რეგულირდებოდეს დამატებით 2-დან 20 წამამდე დიაპაზონში, რათა მგზავრი უპრობლემოდ შევიდეს კაბინაში.

 

კიდევ ერთი კრიტიკული კომპონენტია კარის უსაფრთხოების სისტემა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტრებული ლიფტი უნდა აღიჭურვოს ე.წ. „სინათლის ფარდით“ (Light Curtain) — ინფრაწითელი სხივების ბადით. ეს ბადე ფარავს კარის მთელ პერიმეტრს და ობიექტის დაფიქსირებისას, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მომენტალურად აჩერებს კარის მოძრაობას. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრისთვის კარის დარტყმის რისკს.

 

იმ შემთხვევაში, თუ კაბინის ზომა არ იძლევა ეტლით სრული, 360-გრადუსიანი მობრუნების საშუალებას (მინიმუმ 150 სმ დიამეტრის წრე), აუცილებელია უკანა კედელზე სარკის დამონტაჟება. ამ შემთხვევაში სარკე დეკორატიული ელემენტი არაა — საშუალებას აძლევს მგზავრს, უკუსვლით გამოსვლისას დაინახოს ზურგს უკან არსებული სივრცე და არაფერს დაეჯახოს. მნიშვნელოვანია ხელსაკიდები, რათა მგზავრს გადაადგილებისას დამატებითი საყრდენი ჰქონდეს.

 

მართვის პანელის ღილაკები უნდა განთავსდეს 90-110 სმ სიმაღლეზე, რათა მარტივად ხელმისაწვდომი იყოს როგორც ფეხზე მდგომი, ისე ეტლით მოსარგებლე პირისთვის. აასევე აუცილებელია ღილაკებზე დატანილი იყოს სიმბოლოები ბრაილის წერტილოვანი შრიფტით – უსინათლოთათვის. უსაფრთხო და ფუნქციური ლიფტი შშმ პირებისთვის აუცილებლად აღჭურვილია ხმოვანი მაუწყებლით, რომელიც გარკვევით აცხადებს სართულებს და კარის მოძრაობის მიმართულებას.

 

 

ევროპული სტანდარტების ანალიზი: EN 81-70 და EN 81-41

 

ევროპული რეგულაციები ლიფტების ინდუსტრიაში ოქროს სტანდარტად ითვლება, თუმცა აქაც არსებობს ნიუანსები, რომელთა ცოდნა აუცილებელია. ძირითადი დოკუმენტი, EN 81-70, არეგულირებს ლიფტების ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ ფართოდაა დანერგილი, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ევროპული ორგანიზაციები (ANEC, EBU) მაინც მიუთითებენ გარკვეულ ხარვეზებზე. მაგალითად, EN 81-70 ითხოვს ღილაკებზე სიმბოლოების მხოლოდ 30%-იან ვიზუალურ კონტრასტს (LRV), რაც ექსპერტთა აზრით არასაკმარისია სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის — მათი რეკომენდაცია კონტრასტის 60%-მდე ზრდაა. ასევე, კრიტიკის საგანია სენსორული ეკრანების გამოყენება — სათანადო ხმოვანი და ტაქტილური ადაპტაციის გარეშე, ისინი სრულიად გამოუსადეგარია უსინათლო მგზავრებისთვის.

 

არსებობს სიტუაციები, როდესაც შენობის კონსტრუქცია არ იძლევა სტანდარტული სამგზავრო ლიფტის დამონტაჟების საშუალებას. ასეთ დროს იდეალური გამოსავალია სპეციალიზებული შშმ პირების ლიფტი. ევროპაში შშმ პირებზე გათვლილი ვერტიკალური ამწე პლატფორმები რეგულირდება განსხვავებული სტანდარტით — EN 81-41. როცა სტანდარტული ლიფტი წუთში 30 მეტრზე მეტს გადის, EN 81-41 ტიპის პლატფორმები მოძრაობენ ნელა (მაქსიმუმ 0.15 მ/წმ) და მათი მართვის მექანიზმი ხშირად მოითხოვს ღილაკზე მუდმივ ზეწოლას. ეს პრობლემის კომპრომისული გადაწყვეტაა, თუ სტანდარტული შახტის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია.

 

 

რა საფრთხეები ჩნდება შშმ პირების სატვირთო ლიფტით გადაყვანისას

 

ხშირად, შენობის მფლობელები ცდილობენ დაზოგონ რესურსი და ეტლიანი მგზავრების გადასაყვანად გამოიყენონ სატვირთო ლიფტები. ეს მიდგომა ფუნდამენტურად არასწორია და მას თან სერიოზული საფრთხე სდევს. ტექნიკური რეგლამენტის (ASME A17.1) მიხედვით, სატვირთო ლიფტი მხოლოდ მატერიალური ფასეულობების გადასატანად უნდა გამოიყენებოდეს — მასში მგზავრების ყოფნა, გარდა ტვირთის გამცილებლისა, აკრძალულია.

 

სატვირთო ლიფტები ხშირად აღჭურვილია მძიმე, ვერტიკალურად მოძრავი კარებით, რომლებიც იკეტება ზემოდან და ქვემოდან. ასეთ კარებს, როგორც წესი, არ გააჩნია მგზავრებისთვის განკუთვნილი დამცავი სენსორები და მათი დახურვის ძალა ბევრად აღემატება სამგზავრო ლიფტის უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, სატვირთო ლიფტის გამოყენება ეტლით მოსარგებლე პირის მიერ ზრდის ტრავმის რისკს. ამას ემატება კაბინის გაჩერების სიზუსტის (Levelling) პრობლემა — სატვირთო ლიფტებში, სამგზავროსგან განსხვავებით, მიღებულია სართულსა და კაბინას შორის დონეების მცირედი აცდენა. ტვირთის გადატანისას, ეს როგორც წესი არაა პრობლემა, მაგრამ ეტლის ბორბალი შეიძლება გაიჭედოს.

 

ისეთი გარემოს შექმნისთვის, სადაც გადაადგილება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, საჭიროა ევროპული სტანდარტების (EN 81 სერია) დაცვა, ლიფტის სწორი ტიპის შერჩევა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირება. თუ გსურთ თქვენი შენობა ნამდვილად ევროპული სტანდარტებით ადაპტირებული იყოს, აუცილებელია კონსულტაციის გავლა კვალიფიციურ ექსპერტებთან, რომლებიც დაგეხმარებიან სწორი სპეციფიკაციის ლიფტის შერჩევაში.