Logo Left
Logo Right

არასწორი ლიფტის მონტაჟი – რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო საფრთხეზე

შეცდომები ლიფტის მონტაჟისას

 

ლიფტის მონტაჟი კრიტიკული პროცესია მშენებლობისას. მრავალსართულიან შენობებში ლიფტი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც ათასობით ადამიანის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, არაპროფესიონალები მონტაჟის პროცესში ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც შემდგომ სერიოზული ავარიების მიზეზი ხდება. სტატისტიკურად, ლიფტის ინციდენტების უმეტესობა სწორედ არასწორი მონტაჟის შედეგია.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ პროფესიონალების მიერ შესრულებული სამუშაოც კი არ არის შეცდომებისგან დაზღვეული, იქნება ეს ტექნიკური მიზეზით თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი იდენტიფიცირება შეგვეძლოს, რათა შემდგომ პრევენცია გაადვილდეს. 

ლიფტის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია მის სწორ მონტაჟთან. ლიფტის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ გამოცდილი ლიფტის მემონტაჟე გუნდის სერვისები. ამგვარი გუნდის ტექნიკური ცოდნა და ექსპერტიზა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩამოთვლილი შეცდომების მიერ გამოწვეული სახიფათო (და ხშირად სავალალო) შედეგების თავიდან აცილებას.

 

ტექნიკური დოკუმენტაციის შეცდომები

 

ტექნიკური დოკუმენტაციის სიზუსტე და სისრულე მონტაჟის საფუძველია. ამ ეტაპზე შედარებით მარტივია შეცდომის იდენტიფიცირება ვერ მოხდეს, რაც შემდეგ სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდება, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

  • არასრული ტექნიკური დოკუმენტაცია: არასრული დოკუმენტაცია ნიშნავს, რომ სპეციალისტებს აკლიათ ინფორმაცია კომპონენტების პარამეტრებზე (მასალები, ზომები), მონტაჟის მოთხოვნებსა და სისტემების ურთიერთქმედებაზე. 
  • შეუსაბამობა შენობის კონსტრუქციასთან: ხშირად პროექტირებისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი შენობის რეალური სტრუქტურა (შახტის ზომები, კედლების მდგომარეობა, სართულების სიმაღლე). შედეგად, მონტაჟისას პროექტი შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს, რაც საჭიროებს გეგმის მნიშვნელოვან ცვლილებებს, დამატებით სამშენებლო სამუშაოებს, აფერხებს პროცესს და ზრდის ხარჯებს. 
  • უსაფრთხოების ნორმების არასრული გათვალისწინება: პროექტირებისას ზოგჯერ სათანადოდ არ არის დოკუმენტირებული უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა, როგორიცაა საავარიო მართვის ლოგიკა (ხანძრის რეჟიმი), ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინტეგრაცია, ევაკუაციის გეგმები ან შშმ პირთათვის ადაპტაციები. 

ხარისხიანი დოკუმენტაციის მოსამზადებლად აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა არქიტექტორებს, კონსტრუქტორებსა და ლიფტის სპეციალისტებს შორის, საველე კვლევები და მოქმედი ნორმატივების დაცვა. 

 

 

მექანიკური მონტაჟის შეცდომები

 

მექანიკური კომპონენტების სწორი მონტაჟი პირდაპირ გავლენას ახდენს ლიფტის მუშაობის ხარისხზე, გამძლეობაზე, კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპზე მცირე უზუსტობაც კი შეიძლება სერიოზული ავარიის მიზეზი გახდეს.

  • შახტის არასწორი დაპროექტება: ფუნდამენტური შეცდომაა. შახტის ზომებში ან ვერტიკალურობაში მილიმეტრულმა ცდომილებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს რელსების არასწორი განლაგება. შახტის ზუსტი პარამეტრები, კედლების სისწორე და სიმტკიცე კრიტიკულია რელსების საიმედო მონტაჟისა და სამაგრების მყარი ფიქსაციისთვის.

  • კაბინისა და კონტრაწონის არასწორი ბალანსი: ლიფტის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ზუსტი ბალანსის დაცვა. არასწორი ბალანსირება (როდესაც საპირწონე არ შეესაბამება იდეალურ წონას: კაბინის წონა + ნომინალური დატვირთვის 40-50%) იწვევს ამძრავი მექანიზმის მუდმივ გადატვირთვას, ენერგიის ჭარბ ხარჯვას და მნიშვნელოვანი მექანიკური კომპონენტების (ძრავა, მუხრუჭები, ბაგირები) ნაადრევ ცვეთას.

  • რელსების არასწორი მონტაჟი: მიმმართველი რელსების მონტაჟი განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. არასწორად, გადახრით დამონტაჟებული რელსები იწვევს კაბინის ვიბრაციას, დამატებით ხმაურს (გუგუნი, წკარუნი), ბუნიკების და გორგოლაჭების სწრაფ ცვეთას.

  • საკიდი მექანიზმების არასწორი მონტაჟი: კაბინისა და კონტრაწონის დამჭერი ბაგირების არასათანადო დამაგრება, არასწორი დაჭიმულობა ან უხარისხო სამაგრების გამოყენება შეიძლება კატასტროფული ავარიის მიზეზი გახდეს. აუცილებელია მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული, სერტიფიცირებული სამაგრების გამოყენება, მათი წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით დამაგრება და ბაგირების თანაბარი დაჭიმულობის უზრუნველყოფა და შემოწმება.

ეს სამუშაოები მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, სპეციალურ ინსტრუმენტებს, დეტალურ დოკუმენტირებას და მუდმივ შემოწმებას. უმეტეს შემთხვევაში, ყველა ამ მოთხოვნის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა სპეციალიზებული ლიფტების კომპანიის ჩართულობა.

 

 

ელექტრული სისტემების შეცდომები

 

ელექტრული სისტემების არასწორი მონტაჟი და კონფიგურაცია ქმნის არა მხოლოდ ფუნქციონალურ პრობლემებს, არამედ უსაფრთხოების სერიოზულ რისკებსაც.

  • არასწორი სიმძლავრისა თუ ტიპის კაბელების გამოყენება: ლიფტის ძრავა და მართვის პანელი საჭიროებს სპეციფიკურ ელექტრულ სიმძლავრეს და შესაბამისი კვეთის, ხარისხისა და იზოლაციის მქონე კაბელებს. არასაკმარისი კვეთის ან შეუსაბამო ტიპის კაბელის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გადახურება, იზოლაციის დაზიანება, მოკლე ჩართვა, ხანძრის საფრთხე ან ძრავის/მართვის პლატის დაზიანება.

  • მართვის სისტემის არასწორი პროგრამირება/კონფიგურაცია: თანამედროვე ლიფტები რთული პროგრამული უზრუნველყოფით იმართება. პარამეტრების (სიჩქარე, აჩქარება და ა.შ.) არასწორმა დაყენებამ ან პროგრამულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ლიფტის არასტაბილური, არაკომფორტული მოძრაობა, სართულებზე არაზუსტი გაჩერება, კარების არასწორი მუშაობა ან სისტემის სრული გაუმართაობა. არასწორმა კონფიგურაციამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები უსაფრთხოების ლოგიკასთან.

  • უსაფრთხოების სენსორების არასწორი განთავსება/დაკავშირება: მრავალი სენსორი (კარების, გადატვირთვის, სიჩქარის, შახტის ბოლო წერტილების ამომრთველები) უზრუნველყოფს ლიფტის უსაფრთხო მუშაობას. მათი არასწორი განთავსება (მაგ., “ბრმა ზონის” დატოვება), არასწორი ელექტრული შეერთება, არასწორი კალიბრაცია ან მათი არასაკმარისი რაოდენობა კრიტიკულად ზრდის უბედური შემთხვევების რისკს, რადგან სისტემამ შეიძლება ვერ აღიქვას დაბრკოლება, სიჩქარის გადაჭარბება ან სხვა საშიში მდგომარეობა.

  • ავარიული სიგნალიზაციის არასრული ან არასწორი მონტაჟი: ეს სისტემა (ზარი, ინტერკომი) კრიტიკულია გაჭედილ ლიფტში მყოფთა და გარე დახმარებას შორის კავშირისთვის. არასრული მონტაჟი, უხარისხო კომპონენტები, არასწორი მიერთება ან სისტემის არასაკმარისი ტესტირება (მათ შორის მისი ავარიული კვების წყაროსი) საფრთხეს უქმნის მგზავრების დროულ დახმარებას საგანგებო სიტუაციებში.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვალიფიციური პროფესიონალის ჩართულობა, ხარისხიანი კომპონენტების გამოყენება და ყველა ელექტრული წრედისა თუ ფუნქციის დეტალური შემოწმება ლიფტის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე. 

 

 

უსაფრთხოების სისტემების შეცდომები

 

უსაფრთხოების კრიტიკული კომპონენტების არასწორი მონტაჟი, რეგულირება ან არასაკმარისი ტესტირება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

  • სამუხრუჭე სისტემის არასწორი კალიბრაცია: მთავარი მუხრუჭი თუ არასწორად არის დაყენებული, ლიფტი შეიძლება ვერ გაჩერდეს ზუსტად სართულის დონეზე (რაც ქმნის წაბორძიკების რისკს) ან, ექსტრემალურ სიტუაციაში, სისტემამ შეიძლება ვერ უზრუნველყოს კაბინის დროული და საიმედო გაჩერება. საჭიროა მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისი, ზუსტი რეგულირება და მისი მუშაობის განმეორებითი შემოწმება.

  • ავარიული გაჩერების მექანიზმების არასრული ან არასწორი ტესტირება: დამჭერები და სიჩქარის რეგულატორი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. აუცილებელია მათი ფუნქციონირების სრული, რეალურ სიტუაციის მსგავს გარემოში სიმულაციური ტესტირება (მაგ., სიჩქარის რეგულატორის ამუშავება, დამჭერების აქტივაცია) მონტაჟის დასრულებისას.

  • კარების ბლოკირების და სენსორების არასწორი მონტაჟი და კალიბრაცია: კარის ჩამკეტი მექანიზმების არასწორი რეგულირება ნიშნავს რომ ლიფტმა შეიძლება მოძრაობა დაიწყოს, როდესაც კარი ჯერ კიდევ ღიაა. კარის უსაფრთხოების სენსორების არასწორმა მონტაჟმა ან კალიბრაციამ კი შეიძლება მგზავრი კარებში მოიყოლოს. საჭიროა სისტემების ზუსტი რეგულირება და მრავალჯერადი ტესტირება, ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე.

  • ავარიული განათების და კვების სისტემის გაუმართაობა: ელექტროენერგიის შეწყვეტისას, საიმედო ავარიული განათება და სიგნალიზაციის კვების წყარო (აკუმულატორი) კრიტიკულია. არასათანადო სიმძლავრის ან ხარისხის აკუმულატორები, ან მათი დატენის სისტემის გაუმართაობა ნიშნავს, რომ კაბინა შეიძლება სიბნელეში დარჩეს. სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკმარისი განათება დადგენილი დროის განმავლობაში (მინიმუმ 1 საათი) და რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს.

როგორც ლიფტების ისტორია გვაჩვენებს, არასწორმა მონტაჟმა შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს. თუმცა სწორი დაგეგმვითა და პროფესიონალური მიდგომით მათი თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. მთავარია დეტალებზე ყურადღების გამახვილება და პროფესიონალური სტანდარტების მკაცრად დაცვა. 

სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობა მონტაჟის ყველა ეტაპზე წარმატებული პროექტის საწინდარია. ცოდნა და გამოცდილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტექნიკურად გამართულ მონტაჟს, არამედ უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვასაც და პოტენციური პრობლემების პრევენციას. 

ამასთან, უნდა აღინიშნოს რეგულარული შემოწმებისა და მონიტორინგის მნიშვნელობა მონტაჟის დასრულების შემდეგაც. იმისთვის რომ დავრწმუნდეთ ლიფტის გამართულ ფუნქციონირებაში, საჭიროა მუდმივი ზედამხედველობა და პერიოდული ლიფტების ტექნიკური ინსპექტირება. ლიფტის მონტაჟი კომპლექსური პროცესია, სადაც პროფესიონალური მიდგომა, სწორი დაგეგმვა და მუდმივი მონიტორინგი უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო ექსპლუატაციას.