Logo Left
Logo Right

ლიფტების ტექნიკური ინსპექტირება: მნიშვნელოვანი ასპექტები და რეგულაციები

ლიფტის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი

ლიფტების ინსპექტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცედურაა თანამედროვე შენობების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ტექნიკური ინსპექტირების პროცესი კომპლექსური და მრავალმხრივია. ეს არის არა ფორმალური შემოწმება, არამედ დეტალური ტექნიკური ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემების გრძელვადიან და სტაბილურ ფუნქციონირებას და, შესაბამისად, მგზავრების ყოველდღიურ უსაფრთხოებას.

დღესდღეობით, როდესაც სამშენებლო სფერო საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მეტი მაღალსართულიანი შენობა ჩნდება, ლიფტების უსაფრთხოება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ლიფტების კომპანია CLC განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლიფტების ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს. კომპანია 2018 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარიხსის პროდუქციაზე მისაღებ ფასად.

თუმცა პროდუქციის ხარისხი, სამწუხაროდ, მხოლოდ კარგი საფუძველია და არა უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია. ამიტომ ლიფტის პერიოდული შემოწმება უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომაა. რეგულარული შემოწმებების გარეშე შეუძლებელია პოტენციური პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობისას სერტიფიცირებული ლიფტი დამონტაჟდეს. თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ლიფტების სერტიფიცირება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სამართლებრივი ვალდებულებაა. პროცესი მოიცავს მექანიკური კომპონენტებისა და ელექტრული სისტემების დეტალურ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს ლიფტის ყველა კომპონენტის გამართულ მუშაობას და შესაბამისობას უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან.

ლიფტის მფლობელის ძირითადი ვალდებულებები

 

ლიფტის მფლობელს აკისრია მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწყობილობის გამართული ფუნქციონირებისთვის. CLC Elevator გთავაზობთ ძირითადი ვალდებულებების დეტალურ მიმოხილვას.

 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების უზრუნველყოფა

 

ლიფტის სავალდებულო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ლიფტის მფლობელის პასუხისმგებლობაა. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ინსპექტირების ჩატარება ყოველ მესამე წელს მაინც. პროცესში უნდა დეტალურად შემოწმდეს ლიფტის ყველა კრიტიკული კომპონენტი, გაიტესტოს უსაფრთხოების სისტემები და შეფასდეს ტექნიკური მდგომარეობა. ინსპექტირება უნდა განახორციელოს აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანომ.

ლიფტის რეგისტრაცია

 

ასევე სავალდებულოა ლიფტის რეგისტრაცია სააგენტოს უწყებრივ რეესტრში. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ლიფტის რეგისტრაცია ექსპლუატაციაში გაშვებამდე და შემდგომში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში განაახლოს რეგისტრაციის მონაცემები. რეესტრში უნდა აისახოს ლიფტის ტექნიკური მახასიათებლები, მდებარეობა, მწარმოებელი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ლიფტის მომსახურება

 

მნიშვნელოვანია ლიფტს მუდმივ მომსახურებას კვალიფიციური პერსონალი უწევდეს. მფლობელმა უნდა დაიქირაოს შესაბამისი ექსპერტიზის მქონე სპეციალისტები ან დადოს ხელშეკრულება სპეციალიზებულ კომპანიასთან, (მაგალითად როგორიცაა CLC Elevator), რომელიც უზრუნველყოფს ლიფტის რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას. მათ შორის: პროფილაქტიკურ შემოწმებებს, საჭირო სარემონტო სამუშაოებს და გაუმართაობების დროულ აღმოფხვრას. დაქირავებული პერსონალი უნდა ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატებს.

დოკუმენტაცია

 

მფლობელი ასევე პასუხისმგებელია ლიფტის ტექნიკური მომსახურებისა და ინსპექტირების დოკუმენტაციაზე, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ჩატარებული სამუშაოები, გამოვლენილი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები. ეს დოკუმენტაცია ლიფტის სათანადო მოვლა-პატრონობის მტკიცებულებაა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება სხვადასხვა იურიდიული თუ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტისას.

ლიფტის ინსპექტირების პროცედურა

 

ლიფტების ტექნიკური ინსპექტირება კომპლექსური, საკანონმდებლო ნორმებით მკაცრად რეგულირებული პროცესია. განხორციელების უფლება მხოლოდ სპეციალურად აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს აქვთ, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ პროფესიულ სტანდარტებს და ფლობენ შესაბამის ტექნიკურ კომპეტენციას. 

ინსპექტირების პროცესი იწყება ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შემოწმებით. ინსპექტორები აანალიზებენ ლიფტის პასპორტს, მონტაჟის დოკუმენტაციას და ტექნიკური მომსახურების ჟურნალს. შემდეგ ეტაპზე ლიფტი ფიზიკურად მოწმდება, რაც გულისხმობს ტექნიკური პარამეტრების გაზომვასა და ტესტირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების სისტემების გამართულობას – მოწმდება ავარიული მუხრუჭები, კარების ბლოკირების მექანიზმები, სიჩქარის შემზღუდველები და სხვა კრიტიკული კომპონენტები.

ინსპექტირების დროს ასევე მოწმდება ძრავის მდგომარეობა, ბაგირების გაცვეთის ხარისხი, კაბინის მოძრაობის სიზუსტე და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. თითოეული გაზომვა და ტესტი ხორციელდება სპეციალური დაკალიბრებული ხელსაწყოებით, რაც უზრუნველყოფს შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს. მონტაჟის ხარისხი ბევრ რამეში გადამწყვეტია – სწორედ ამიტომ CLC Elevator თანამშრომლობს მხოლოდ გამოცდილ პროფესიონალებთან და იყენებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტის აღჭურვილობას.

ლიფტის უსაფრთხოების სტანდარტების წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, აკრედიტებული ორგანო გასცემს ტექნიკური ინსპექტირების სერტიფიკატს. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ლიფტი სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია დასაშვებია. სერტიფიკატში მითითებულია ინსპექტირების ჩატარების თარიღი და მომდევნო შემოწმების ვადა. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მფლობელს ეძლევა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც ტარდება განმეორებითი ინსპექტირება.

ლიფტის რეგისტრაციის პროცესი

 

ლიფტის ტექნიკური ინსპექტირების პროცესის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო რეგისტრაციის გავლა.

პირველ რიგში, ლიფტის მფლობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს განცხადება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ლიფტის ადგილმდებარეობის, მფლობელის და ექსპლუატაციის პირობების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ განცხადება იყოს სრულყოფილად შევსებული და თან ახლდეს ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტი.

ლიფტის პასპორტი და ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტაცია წარმოადგენს რეგისტრაციის პროცესის მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს. პასპორტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ლიფტის ტექნიკური პარამეტრები, დამზადების თარიღი, მწარმოებელი კომპანია და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები. თუ ლიფტი ახალია და პირველად რეგისტრირდება, საჭიროა მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების წარდგენა.

(პრაქტიკულ მაგალითზე: თუ ხელშეკრულებას დებთ CLC Elevator-თან, მაშინ ჩვენ უნდა მოგაწოდოთ პასპორტი, სადაც მითითებულია ეს დეტალები. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტს იძენთ – სამგზავრო ლიფტს, სატვირთოს თუ სულაც საავადმყოფოს ლიფტს. არ აქვს მნიშვნელობა იაპონური FUJISJ ბრენდზე თუ ფინური KONE-ის შვილობილი GiantKONE-ზეა საუბარი. ძირითადი წარსადგენი ინფორმაცია ჩვენი პასუხისმგებლობაა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ტიპის ლიფტების შემთხვევაში სხვადასხვა ტექნიკური ინფორმაციაა საჭირო, სანდო კომპანიასთან ურთიერთობა გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რამდენად მარტივად წარიმართება რეგისტრაციის პროცესი).

თუ რეგისტრაცია განმეორებითია, საჭიროა წინა ინსპექტირების შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტების წარდგენა. 

უსაფრთხოების მოთხოვნები

 

ლიფტის უსაფრთხოების სტანდარტები მოითხოვს მკაცრი რეგულაციების დაცვას და რეგულარულ ზედამხედველობას. 

უსაფრთხოების სისტემების გამართულობის მუდმივი კონტროლი მოითხოვს ავტომატური მონიტორინგის სისტემების იმპლემენტაციას. თანამედროვე ლიფტები, რომლებსაც CLC Elevator ამონტაჟებს, აღჭურვილია მრავალდონიანი უსაფრთხოების მექანიზმებით, მათ შორის ავარიული გაჩერების სისტემით, გადატვირთვის სენსორებით და კარების უსაფრთხოების მექანიზმებით. სპეცალური ლიფტი შშმ პირთათვის, როგორც წესი, აღჭურვილია დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციებით, რომლებიც ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პოტენციურ მგზავრს დამატებითი სპეციალური საჭიროებები ექნება.

კრიტიკული დოკუმენტია საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა. ის უნდა მოიცავდეს დეტალურ ინსტრუქციებს სხვადასხვა ტიპის ავარიული სიტუაციებისთვის, მათ შორის ელექტროენერგიის გათიშვის, ხანძრის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევებისთვის. 

მგზავრთა უსაფრთხოების ინსტრუქციები უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილას, როგორც ლიფტის კაბინაში, ისე თითოეულ სართულზე. ინსტრუქციები უნდა იყოს მკაფიო, ადვილად გასაგები და მოიცავდეს ინფორმაციას მაქსიმალური დატვირთვის, საგანგებო ზარის გამოყენების და ავარიულ სიტუაციებში მოქმედების შესახებ. ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციებს.

სამართლებრივი რეგულაციები

 

საქართველოში ლიფტის ტექნიკური რეგულაციები მკაცრადაა განსაზღვრული კანონმდებლობით..

“პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტია, რომელიც განსაზღვრავს ლიფტების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს. კოდექსი ადგენს ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის მოთხოვნებს და მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც CLC Elevator მკაცრად იცავს.

საქართველოს მთავრობის #289 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხოების შესახებ” დეტალურად განსაზღვრავს ლიფტების ტექნიკურ პარამეტრებს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემების მახასიათებლებს, ტვირთამწეობას, სიჩქარეს და სხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ მაჩვენებლებს. 

კანონის დანართებში დეტალურადაა გაწერილი ლიფტისა და უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებისა და წარმოების ძირითადი მოთხოვნები, უსაფრთხოების კომპონენტები, უსაფრთხოების კომპონენტების ტიპისა და საბოლოო გამოცდები (დანართი 4 და 5, შესაბამისად). ასევე პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა ტიპები (მათ შორის კომპლექსური უზრუნველყოფა, სრული უზრუნველყოფა, წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა და ა.შ.) 

CLC Elevator-ის გამოცდილი პროფესიონალები მუდმივად თვალყურს ადევნებენ ამ რეგულაციებს და უზრუნველყოფენ მათ სრულ შესაბამისობას.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებული რეგულაცია პერიოდულად განახლებას ექვემდებარება, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. CLC Elevator, რომელიც ქართულ ბაზარზე ლიდერობს 2018 წლიდან, მუდმივად ადევნებს თვალს ამ ცვლილებებს და უზრუნველყოფს მათი პრაქტიკაში სწორად იმპლემენტაციას, რაც გარანტიაა მომხმარებლებისთვის.

ამ რეგულაციების დარღვევა იწვევს მკაცრ სანქციებს, რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყველა დაინტერესებულმა მხარემ სიღრმისეულად შეისწავლოს და მკაცრად დაიცვას არსებული სამართლებრივი ჩარჩო.

დარღვევების შედეგები

 

ლიფტების ტექნიკური ინსპექტირების დროს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური შედეგები მოჰყვება. კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს ამ საკითხს, რადგან საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოებას.

ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს პირველად სანქციას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მფლობელს დარღვევების გამოსწორების ვალდებულებისგან. კონკრეტული თანხები სხვადასხვა კატეგორიებისთვის დეტალურადაა მითითებული “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მუხლ 42​.7-ში.

განსაკუთრებით სერიოზული დარღვევების შემთხვევაში ხდება ლიფტის ექსპლუატაციის დაუყოვნებლივი შეჩერება და დალუქვა. ღონისძიება უკიდურესად ითვლება და მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხე ემუქრება. დალუქული ლიფტის გახსნა და ექსპლუატაცია აკრძალულია მანამ, სანამ არ მოხდება ყველა დარღვევის სრულად გამოსწორება.

დარღვევების აღმოჩენის შემდეგ სავალდებულოა განმეორებითი ინსპექტირების ჩატარება. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება და მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო ხელახალი შემოწმებისთვის. განმეორებითი ინსპექტირების ხარჯებს ფარავს ლიფტის მფლობელი.

თუ მოხდა უბედური შემთხვევა და დადგინდა, რომ ინციდენტი გამოწვეული იყო ტექნიკური გაუმართაობით ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, მფლობელს ეკისრება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია დაზარალებულმა მოითხოვოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ლიფტის მფლობელებს (და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა) უნდა ახსოვდეთ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება და რეგულარული ტექნიკური მომსახურება გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე დარღვევების გამო დაკისრებული სანქციების შესრულება, რომ არაფერი ვთქვათ შესაძლო უბედური შემთხვევების პოტენციურ ადამიანურ საფასურზე. CLC Elevator თავისი დამონტაჟებული ლიფტების მომსახურების ფარგლებში გთავაზობთ პროფესიონალური ინსპექტირების სრულ პაკეტსაც, რათა უზრუნველყოთს თქვენი ლიფტების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირებას.