
სართულებს შორის გაჩერებული ლიფტი, სიბნელე, ჰაერის ნაკლებობის განცდა – ეს სიტუაცია ბევრ ადამიანში ვიწრო სივრცეში ჩაკეტვის ინსტინქტურ შიშს იწვევს. სინამდვილეში, ამ განცდების დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მაგრამ ბუნდოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ დროს ლიფტში და რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, ამ განცდებს ამძაფრებს.
ის, თუ რა ვითარება შეიქმნება დენის გათიშვის შემდეგ, პირველ რიგში, ლიფტის კომპლექტაციაზეა დამოკიდებული, კერძოდ, აქვს თუ არა ლიფტს ARD ან UPS სისტემა. ამ ბლოგში ავხსნით, თუ როგორ მუშაობს ორივე სისტემა, რით განსხვავდება ერთმანეთისგან და, რაც ყველაზე მთავარია, – როგორ მოვიქცეთ ლიფტში საგანგებო სიტუაციების დროს.
ელექტროენერგია გაითიშა – რა ვითარებაში ჩერდება ლიფტი?
ARD (Automatic Rescue Device), ანუ ავტომატური სამაშველო მოწყობილობის გარეშე, ელექტროენერგიის გათიშვა სართულებს შორის გაჩერებას გულისხმობს. კარი არ იხსნება, განათება ქრება, ვენტილაცია ჩერდება. ამ შემთხვევაში მგზავრი ოპერატორის ან ტექნიკური ჯგუფის მოსვლას ელოდება, ეს კი 30-60 წუთსაც შეიძლება, გაგრძელდეს. ღამე, შაბათ-კვირა ან დღის ის საათები, როცა შენობა ფაქტობრივად ცარიელია, ამ ლოდინს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.
ARD-ით აღჭურვილ ლიფტში სიტუაცია სხვაგვარად ვითარდება. დენის გათიშვის შემდეგ, წამების განმავლობაში, სისტემა ბატარეის კვებაზე გადადის. ბატარეა ან სუპერკონდენსატორი ლიფტის სამ ძირითად კომპონენტს – ძრავას, კარის მექანიზმსა და მართვის სისტემას – დროებითი კვებით ამარაგებს. კაბინა ნელ-ნელა, დაბალი სიჩქარით, ყველაზე ახლოს მდებარე სართულამდე მიდის და კარი ავტომატურად იხსნება. მგზავრი კაბინიდან ლოდინის გარეშე გამოდის. ამ პროცესში ARD ლიფტის ავარიულ სიგნალსა და სალონის განათებასაც ინარჩუნებს, რაც პანიკის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
UPS – სხვა სისტემა, სხვა ამოცანა
UPS (Uninterruptible Power Supply), ანუ განუწყვეტელი კვების სისტემა, სხვა პრინციპით მუშაობს. ARD-ს ლიფტი ერთი, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად იყენებს – მგზავრების უახლოეს სართულამდე მიყვანისთვის. UPS კი ლიფტს გათიშვის შემდეგაც სრულ სამუშაო რეჟიმში ტოვებს, თითქოს შეფერხება საერთოდ არ მომხდარა.
ქსელის კვებიდან ბატარეაზე 0.3-10 მ/წამში გადადის – ლიფტი ამ ინტერვალს პრაქტიკულად ვერ გრძნობს. სისტემა სრულ განათებას, ვენტილაციასა და ინტერკომს ინარჩუნებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ისეთ ობიექტებში, სადაც ლიფტის ნებისმიერი შეფერხება სერიოზული პრობლემების გამომწვევია. ჰოსპიტალის ან სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში, სადაც ლიფტით ათობით ადამიანი სარგებლობს, თუნდაც რამდენიმე წუთიანი გაჩერება ოპერაციულ პრობლემად გადაიქცევა.
გარდა ამისა, UPS ელექტროქსელში ძაბვის მუშაობის შეფერხებისგანაც იცავს სისტემას. ლიფტის ელექტრონული კომპონენტების გაფუჭების 68% სწორედ ქსელის არასტაბილური მუშაობიდან მომდინარეობს. ამ კუთხითაც UPS სისტემის გრძელვადიან მდგრადობას ემსახურება.
ARD და UPS – ერთდროულად?
ეს ორი სისტემა ერთმანეთს არ გამორიცხავს. ARD ძირითადად საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში გამოიყენება, სადაც მთავარი პრიორიტეტი მგზავრის გამოყვანაა. UPS – იქ, სადაც ლიფტის მუშაობა გათიშვის შემდეგაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაღალსართულიანი ან ინტენსიური გამოყენების შენობებისთვის კი ორივეს ერთდროული გამოყენება ყველაზე საიმედო კომბინაციაა – ARD მგზავრის გამოყვანას, UPS კი სისტემის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს.
როგორ მოვიქცეთ ლიფტში საგანგებო სიტუაციების დროს
ყველაზე გავრცელებული შეცდომა კარის ძალით გახსნის მცდელობაა. კაბინა შეიძლება, სართულის დონეს ზუსტად არ ემთხვეოდეს, ხელით გაღება კი სისტემას ტექნიკურ ზიანს მოუტანს და სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ასევე არ არის რეკომენდებული სახურავის ლუქით გასვლის მცდელობა – ეს მხოლოდ ექსტრემალური, სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციის შემთხვევაში შეიძლება, განვიხილოთ.
ყველა სამგზავრო ლიფტში ავარიული სიგნალის ღილაკია. ის ოპერატორს ან ტექნიკურ სამსახურს პრობლემის შესახებ ატყობინებს. თუ ღილაკი არ მუშაობს, ხმამაღლა ყვირილი ან კარზე დარტყმა ახლომდებარე ადამიანების ყურადღების მიქცევის ერთადერთი საშუალებაა. ჰაერის ნაკლებობის განცდაც ამ სიტუაციაში, ძირითადად, ფსიქოლოგიური ხასიათისაა: ნორმალური ზომის კაბინა, ვენტილაციის გარეშეც კი, საკმარის ჰაერის მარაგს ინახავს. ARD-ით აღჭურვილ ლიფტში კაბინა წამებში უახლოეს სართულამდე აღწევს, ამიტომ ყველაზე სწორი ქმედება ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება, ავარიული სიგნალი და ლიფტის ფუნქციონირების აღდგენის ლოდინია.
ARD-ის გაუმართაობა ჩვეულებრივ პირობებში არ ჩანს
ARD-ის არარსებობა ან გაუმართაობა ყოველდღიურ რეჟიმში შეუმჩნეველია. სისტემა მხოლოდ ავარიის მომენტში ირთვება. სწორედ ამ მიზეზით, ბატარეის დაძველება ან გაუმართაობა ხშირად დროულად არ ვლინდება. ამ ტიპის პრობლემები მხოლოდ გეგმიური ტექნიკური შემოწმებისას ვლინდება. სწორედ ამიტომ, რეგულარული სერვისი ლიფტის მოვლის განუყოფელი ნაწილია.
ლიფტის მფლობელისთვის შემოწმება მხოლოდ ტექნიკური ვალდებულება არ არის. საქართველოში მოქმედი №289 დადგენილება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ლიცენზირებულ ორგანოს სისტემის შემოწმებას ავალდებულებს. გაუმართავი ARD-ის შემთხვევაში კი ნებისმიერი ინციდენტი მფლობელის „ზრუნვის ვალდებულების” (Duty of Care) დარღვევად განიხილება. ეს კი, პირველ რიგში, შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისთვის იურიდიული პასუხისმგებლობაა.
CLC Elevator მომხმარებლებს ARD და UPS სისტემების ინსტალაციასთან, სერვისსა და მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით კონსულტაციას სთავაზობს.
ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მოწყობილობის რეალურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და კონკრეტულ რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.


