
თუ ვინმე მოულოდნელად ლიფტის შახტაზე ჩამოაგდებს საუბარს, შეგვიძლია დაახლოებით 99% სიზუსტით ვივარაუდოთ რომ შენობის კონსტრუქციაში არსებულ ვერტიკალურ სიცარიელეს გულისხმობს, ლიფტის ერთგვარ “ჩარჩოს” რომელიც ალბათ ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა, შენობებიდან ახსოვს.
სინამდვილეში კი შახტა რთული საინჟინრო სისტემაა, რომლის ხარისხიანი ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ლიფტის უსაფრთხო და გამართულ მუშაობასთან. შახტის უშუალოდ ინსტალაციისთვის სწორად მომზადება ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფუძველია, რომელზეც შემდეგ უკვე ლიფტების მთელი სატრანსპორტო სისტემა ეწყობა.
ამ ბლოგში ვეცდებით მაქსიმალურად სიღრმისეულად – თუმცა მარტივად – ავხსნათ, რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შახტა ლიფტის მონტაჟის პროცესის დაწყებამდე.
შახტის ანატომია: ძირითადი კომპონენტები
სანამ ტექნიკურ დეტალებს ჩავუღრმავდებოდეთ, გავერკვეთ შახტის ძირითად კომპონენტებში. თითოეულ მათგანს კონკრეტული ფუნქცია აკისრია, რომელიც ერთიან სისტემაში კრიტიკულ როლს თამაშობს:
- შახტა, იგივე ლუკი (Hoistway): დახურული ვერტიკალური გვირაბია, რომელშიც ლიფტის კაბინა და საპირწონე გადაადგილდება (სწორედ ეს კომპონენტი წარმოუდგება ხალხის უმეტესობას თვალწინ, როდესაც შახტაზე საუბრობს). კედლები, როგორც წესი, ცეცხლგამძლე მასალისგან შენდება, რათა სართულებს შორის ხანძრის გავრცელება შეაფერხოს.
- სამანქანე განყოფილება (Machine Room): სპეციალური, შეზღუდული წვდომის სივრცე, სადაც ლიფტის ძირითადი მექანიზმებია განთავსებული — წევის მექანიზმი, ძრავა, მუხრუჭები და მართვის პანელი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით გარკვეულ სართულობამდე (დაახლოებით 25 სართულამდე), ხშირად სამანქანე განყოფილების საჭიროებას სრულად გამორიცხავს. ამ ტექნოლოგიას MRL (Machine-Room-Less) ეწოდება. ასეთ შემთხვევაში, ძრავა და სხვა ძირითადი მექანიზმები ცალკე ოთახის ნაცვლად, უშუალოდ შახტის ზედა ნაწილში მონტაჟდება (ე.წ. შეკიდული ძრავა), რაც შენობის ფართს ზოგავს და სწორედ ამიტომ, MRL სისტემის გამოყენებისას, ლიფტის ბოლო გაჩერების დონისა და შახტის ზედა ნაწილის (Overhead) სწორად დაგეგმვას ენიჭება კრიტიკული მნიშვნელობა.
- ტექნიკური ორმო (Pit): შახტის ყველაზე ქვედა ნაწილი, რომელიც ბოლო სართულის ქვემოთ მდებარეობს. ორმოში თავსდება უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტები, მაგალითად, ბუფერები, რომლებიც ავარიული დაშვებისას დარტყმას არბილებს. ამასთან კრიტიკულ როლს თამაშობს კაბინის იატაკის სართულთან გასწორებაში.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ლიფტის შახტა მონტაჟის დაწყებამდე?
შახტის ფიზიკური სივრცის მომზადება კომპლექსური პროცესია, რომლის ზედმიწევნითი სიზუსტით პროექტთან თანხმობაში მოყვანამდე უშუალოდ ლიფტის ინსტალაციის სამუშაოები ვერ დაიწყება.
უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურული სიმტკიცის სტანდარტებს:
შახტის კედლები უნდა იყოს ისეთი მყარი, რომ უპრობლემოდ უძლებდეს ლიფტის მოძრაობისას წარმოქმნილ დინამიკურ ძალებს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, რომ შახტის კედლებისთვის გამოყენებული იყოს მონოლითური ბეტონი ან მყარი რკინის კონსტრუქცია. კატეგორიულად მიუღებელია ბლოკისა და აგურის გამოყენება, რადგან ეს მასალები ვერ უზრუნველყოფს მიმმართველი რელსების საიმედო დამაგრებას. არასწორი მასალის გამოყენების შემთხვევაში, მშენებელს უწევს დამატებითი, ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარება — მაგალითად, ყოველ 1.5 მეტრში ბეტონის სარტყელების მოწყობა.
კონსტრუქცია ასევე უნდა ითვალისწინებდეს შახტის ზედა ნაწილში სპეციალური კაუჭის ან ამწევი მექანიზმის განთავსებას — ამ მექანიზმს სპეციალისტები უშუალოდ მონტაჟის პროცესში იყენებენ მძიმე კომპონენტების (ძრავა, კაბინის ჩარჩო) ასაწევად. ამ მოთხოვნის სრული დაცვა ყოველთვის კრიტიკულია, მაგრამ ერთი-ორად მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება დიდი ტვირთამწეობის მქონე მოდელებს, მაგალითად, როგორიცაა, ვთქვათ, ქარხანაში სატვირთო ლიფტი, რომელმაც მძიმე და, ხშირად, დაუბალანსებლად განთავსებულ ტვირთს უნდა გაუძლოს.
უნდა მკაცრად იცავდეს პროექტით განსაზღვრულ განზომილებების სიზუსტეს:
მიუხედავად იმისა, რომ დასაცავი ტექნიკური მახასიათებლების სია გრძელია და ყველა მათგანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა სპეციალისტებთა ჯგუფის უპირველესი პრიორიტეტი სწორედ განზომილებების სიზუსტის დაცვაა. იმისთვის, რომ ლიფტმა ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე იმუშაოს, შახტა იდეალურად ვერტიკალური (შვეული) უნდა იყოს. თუ ზოგადი სამშენებლო სტანდარტები პროექტებს მცირე შეცდომებს პატიობს, ლიფტისთვის ყველანაირი ცდომილება მიუღებელია — ხელს უშლის გამართულად ოპერირებას, იწვევს დეტალების ნაადრევ ცვეთას და შესაძლოა დიდი გაუმართაობის მიზეზიც გახდეს, თუ ლიფტმა თავისუფლად ვერ იმოძრავა.
არასწორად აგებული შახტა პროექტს აფერხებს და მნიშვნელოვნად ზრდის მთელი პროცესის ბიუჯეტს, რადგან ხშირად საჭირო ხდება ბეტონის კედლების დამატებითი დამუშავება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროექტი თავიდანვე ანდოთ, სანდო ლიფტების კომპანიას დიდი გამოცდილებით, რომელსაც შეუძლია ამ სანდოობის წარმატებული პორტფოლიოთი და შესაბამისი სერტიფიკატებით დადასტურება — CLC Elevator დღეს საქართველოში ამ სიის სათავეში ითვლება.
გარემოს ინსტალაციისთვის შესაბამის მდგომარეობაში მოყვანა და ზედაპირების დამუშავება:
შახტის კედლების შიდა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი. ნებისმიერი შვერილი, რომელიც 10 სანტიმეტრზე მეტად არის გამოწეული, 75-გრადუსიანი დახრით უნდა იყოს ჩამოჭრილი, რათა ჩავარდნილ საგანს არ წამოედოს. კრიტიკული დეტალი, რომელსაც არაკომპეტენტური გუნდი ხშირად არ ითვალისწინებს — აუცილებელია ორმო იყოს სრულიად მშრალი, რისთვისაც ხშირად საჭიროა სპეციალური წყლის ამომტუმბავი ტუმბოს (sump pump) მონტაჟი, რაზეც წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული პროექტის დამკვეთი.
როგორ უნდა აღიჭურვოს ლიფტის შახტა ინსტალაციის დაწყებამდე?
ლიფტების ინსტალაცია ვერ დაიწყება, თუ შახტა წინასწარ არ არის აღჭურვილი აუცილებელი კომუნიკაციებით. ეს გულისხმობს ლიფტისთვის განკუთვნილ დამოუკიდებელ ელექტრომომარაგების ხაზს და, ასევე, მთელ შახტაში მუდმივი განათების დამონტაჟებას.
ამასთანავე, ექსპერტების გუნდმა წინასწარ უნდა გაიყვანოს ცარიელი მილები (კონდუიტები) მართვის კაბელებისა და ავარიული სატელეფონო ხაზისთვის. მგზავრებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ტექნიკური გაუმართაობისა თუ ავარიის დროს, კრიტიკული მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ პრობლემები დროულად აღმოიფრხვას, ხოლო მომხმარებლები თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
ამ უკანასკნელს გუნდი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეპყროს სენსიტიურ დაწესებულებებში, მაგალითად საამქროებში, სადაც ხალხს ხშირად სახიფათო აღჭურვილობის ტრანსპორტირება უწევს, ან სამედიცინო დაწესებულებებში საავადმყოფოს ლიფტის ინსტალაციის დროს.
ლიფტის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპები
როდესაც კონტრაქტორი შახტის სამშენებლო სამუშაოებს დაასრულებს, მოქმედებაში ლიფტის კომპანიის სპეციალისტები ერთვებიან.
პირველი ნაბიჯი შახტის საბოლოო შემოწმებაა. CLC Elevator-ის სამონტაჟო გუნდი ზედმიწევნით ამოწმებს ყველა კრიტიკულ განზომილებას, შვეულობას, ორმოს სისუფთავესა და კომუნიკაციების გამართულობას. ნებისმიერი შეუსაბამობა სამუშაოს დაწყებამდე უნდა გამოსწორდეს.
მას შემდეგ, რაც გუნდი დარწმუნდება, რომ ნამდვილად უსაფრთხო სამუშაო გარემოა მოწყობილი, იწყება პროცესის ყველაზე რთული ნაწილი — მიმმართველი რელსების მონტაჟი. შახტის ზედა წერტილიდან ეშვება ფოლადის წვრილი მავთულები (plumb lines), რომლებიც იდეალურ ვერტიკალურ ხაზს ქმნიან. სწორედ ამ ხაზების მიხედვით მონტაჟდება სამაგრები და შემდეგ თავად რელსები. ამ ეტაპის სიზუსტეზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული და უხმაურო იქნება ნებისმიერი მასშტაბის მოდელი, არ აქვს მნიშვნელობა მონტაჟდება მასშტაბური სატვირთო, კომპაქტური სამზარეულოს, თუ სტანდარული სამგზავრო ლიფტი.
შახტის მომზადება ბევრად უფრო კომპლექსური პროცესია, ვიდრე უბრალოდ კედლების ამოშენება. მაღალი სიზუსტის საინჟინრო ამოცანის წარმატება არქიტექტორის, მშენებლისა და ლიფტის ექსპერტის მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. CLC Elevator-ის გუნდი გთავაზობთ ლიფტებთან დაკავშირებული სერვისების სრულ სიას, რაც პროექტირების საწყისი ეტაპიდან ჩართულობას გულისხმობს. ჩვენ ვზრუნავთ შახტის მომზადების ყველა დეტალი ზუსტად შესრულდეს, რადგან ვიცით — ეს სწორედ ის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ლიფტის უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას მრავალი წლის განმავლობაში.




