
ახალ შენობაში ლიფტის დაპროექტება შედარებით მარტივი ამოცანაა, რადგან არქიტექტორი თავიდანვე ითვალისწინებს შახტის ადგილს, სამანქანო ოთახსა და ტექნიკურ პარამეტრებს. როცა ახალი ლიფტი ძველ კორპუსებში უნდა დამონტაჟდეს, გაცილებით მეტი შეზღუდვა და ტექნიკური გამოწვევა ჩნდება.
საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ბევრი საცხოვრებელი კორპუსი, კომერციული და საზოგადოებრივი შენობა ამ სისტემის გარეშეა აშენებული ან მოძველებული მოწყობილობით არის აღჭურვილი. ამ ბლოგში განვიხილავთ, რა ტიპის მოწყობილობა შეიძლება დამონტაჟდეს ასეთ შემთხვევაში, რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შენობა და რა როლს ასრულებს მასალების შერჩევა.
რომელი ტიპის ლიფტი შეესაბამება არსებულ შენობას
ტიპის შერჩევა პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არსებულ შენობაში დამონტაჟებისას არჩევანი, როგორც წესი, სამ ძირითად ტიპს შორის კეთდება: ჰიდრავლიკური, საბაგირო (წევის) და სამანქანო ოთახის გარეშე მომუშავე (MRL).
- ჰიდრავლიკური მოწყობილობა სითხის წნევით მუშაობს. ტუმბო ჰიდრავლიკურ სითხეს ცილინდრისკენ მიმართავს, დგუში კაბინას ზემოთ წევს, ხოლო დაშვებისას სითხე ნელა უკან ბრუნდება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დამონტაჟება შედარებით მარტივია. ეს არსებული შენობებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან დამატებითი სტრუქტურული გამაგრება ნაკლებად სჭირდება.
- საბაგირო (წევის) სისტემა ბაგირებისა სისტემით მუშაობს. მისი სიჩქარე და ენერგოეფექტურობა მაღალია, სიმაღლეში კი პრაქტიკულად შეუზღუდავია. თუმცა, არსებულ შენობაში მისი მონტაჟი უფრო რთულია. შენობის კონსტრუქციამ სისტემის წონას უნდა გაუძლოს.
- MRL (სამანქანო ოთახის გარეშე) ბოლო წლებში ყველაზე მოთხოვნადი ტიპია. ძრავა უშუალოდ შახტშია განთავსებული და ცალკე სამანქანო ოთახს არ საჭიროებს. ეს სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით არსებულ შენობებში, სადაც თავისუფალი სივრცე შეზღუდულია. MRL ტიპი 20 სართულამდე შენობებში გამოიყენება და ახალი ლიფტები ხშირად სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ლიფტის ტიპი შენობის სიმაღლეზე, არსებულ სივრცესა და სტრუქტურულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ერთი და იგივე ტიპი ყველა შემთხვევაში ვერ იმუშავებს.
რას საჭიროებს შენობის კონსტრუქცია
არსებულ შენობაში მონტაჟი მოწყობილობის შერჩევით არ მთავრდება. შენობის ტექნიკური მდგომარეობა განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა მონტაჟი და რა სამუშაოებია საჭირო.
პირველ რიგში, შახტის სივრცე უნდა შეფასდეს. შახტი ვერტიკალური გვირაბია, სადაც კაბინა მოძრაობს. არსებულ შენობაში ხშირად ეს სივრცე არ არსებობს და მისი მოწყობა ცალკე საინჟინრო ამოცანაა. ზოგჯერ შახტი შენობის შიგნითაა, ზოგჯერ კი – ფასადთან მიშენებით.
შახტის ქვემოთ თანაორმო (pit) უნდა მოეწყოს – ეს სივრცე ბოლო სართულის ქვემოთაა და ამორტიზატორებსა და უსაფრთხოების მოწყობილობებს ინახავს. საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თანაორმო გრუნტისა და წყლის მასში შეღწევისგან უნდა იყოს დაცული.
სამანქანო ოთახის საკითხიც მნიშვნელოვანია. ჰიდრავლიკურ და ტრადიციულ საბაგირო ლიფტებს ცალკე სამანქანო ოთახი სჭირდებათ, რაც არსებულ შენობაში დამატებითი სივრცის გამოყოფას ნიშნავს. MRL ტიპის შემთხვევაში ეს პრობლემა ქრება, რადგან ძრავა და მართვის სისტემა თავად შახტშია.
კანონმდებლობის მიხედვით, შახტის სამშენებლო ნაწილის მზიდუნარიანობის შემცირება დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ დამონტაჟებამ არ უნდა შეასუსტოს შენობის სტრუქტურა.
მასალები და კაბინის ინტერიერი
მონტაჟისას კაბინის შიდა მოპირკეთებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მასალის არჩევა გავლენას ახდენს როგორც გამძლეობაზე, ისე მოვლის სიხშირეზე.
უჟანგავი ფოლადი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალაა კომერციულ შენობებში. ის ნაკაწრებს, ნესტს და ქიმიურ ზემოქმედებას უძლებს, მოვლა მარტივია და ხანგრძლივად ინარჩუნებს იერსახეს.
ლამინატი ხის, ქვის ან ლითონის ტექსტურის იმიტაციით შეიძლება, დამზადდეს. საცხოვრებელ კორპუსებში ხშირად სწორედ ლამინატს ირჩევენ, რადგან ის ესთეტიკურ მრავალფეროვნებასა და გამძლეობას ერთდროულად გთავაზობთ.
მასალის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის დანიშნულება და მოსალოდნელი დატვირთვა.
უსაფრთხოების მოთხოვნები და საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოში ლიფტების ექსპლუატაციას მთავრობის №446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. ეს დოკუმენტი სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც ლიფტს ექსპლუატაციას უწევს.
რეგლამენტის მიხედვით, მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველით, კაბინის ვარდნისგან დასაცავი მოწყობილობითა და ავარიული კავშირის საშუალებებით. კაბინაში უნდა იყოს ავარიული განათება, რომელიც ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც მუშაობს. ასევე, ყოველ კაბინაში უნდაიყოს აბრა, სადაც ტვირთამწეობა კილოგრამებში და მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობაა მითითებული.
შენობის შახტაში მხოლოდ ლიფტთან დაკავშირებული კომუნიკაციების გაყვანაა დასაშვები. რაც შეეხება ექსპლუატაციაში გაშვებას, მოწყობილობა წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს უწყებრივ რეესტრში და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიაროს.
ამ მოთხოვნების დაცვა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, არამედ მაცხოვრებლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხია.
სწორი არჩევანი სანდო პარტნიორთან ერთად
არსებულ შენობაში ლიფტის მონტაჟი კომპლექსური პროცესია, სადაც ტექნიკური პარამეტრები, შენობის სპეციფიკა, კანონმდებლობის მოთხოვნები და გრძელვადიანი საექსპლუატაციო პირობები ერთდროულად უნდა შეფასდეს.
სწორედ ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება გამოცდილ ლიფტების კომპანია CLC Elevator-თან ერთად სჯობს.
მისი კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი კონკრეტული პროექტის საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის და შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ.




