Logo Left
Logo Right

ლიფტის საგარანტიო პირობები და მომსახურების ხელშეკრულება: რა უნდა იცოდეს დამკვეთმა

 

საქართველოში სამშენებლო ბაზრის ზრდასთან ერთად, ლიფტის მონტაჟი თითქმის ყველა ახალ პროექტში სავალდებულო გახდა. შეძენა მხოლოდ საწყისი ეტაპია – მისი გრძელვადიანი და გამართული მუშაობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ არის გაფორმებული საგარანტიო პირობები და რა სახის მომსახურების ხელშეკრულება აქვს დადებული მფლობელს. ამ ორ საკითხს ბევრი დამკვეთი ხშირად უყურადღებოდ ტოვებს, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

 

ლიფტის საგარანტიო პირობები და ხელშეკრულება არა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტებია, არამედ ის, რითაც მფლობელის უფლებები, კომპანიის პასუხისმგებლობა და მოვლის სტანდარტი განისაზღვრება. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, მთავრობის №446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, ადგენს, რომ ლიფტის მფლობელი ვალდებულია, მის განკარგულებაში მყოფი მოწყობილობის ექსპლუატაცია სათანადო პირობებით წარიმართოს. ამ ვალდებულების შესრულებაში კი სწორედ საგარანტიო პირობები და ხელშეკრულება ეხმარება.

 

 

რას მოიცავს ლიფტის საგარანტიო პირობები

 

გარანტია არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში უფასოდ შეაკეთებს მოწყობილობას. მას კონკრეტული ფარგლები აქვს და სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ზოგადად, ლიფტის საგარანტიო პირობები მოიცავს ქარხნულ დეფექტებს, ანუ იმ შემთხვევებს, როდესაც პრობლემა წარმოების ან მონტაჟის ეტაპზეა წარმოშობილი.

 

საგარანტიო ვადა მოწყობილობის ტიპის, მწარმოებლისა და მომწოდებლის მიხედვით იცვლება. მაგალითად, CLC Elevator დამკვეთებს საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც გეგმიურ ტექნიკურ შემოწმებებს, მიმდინარე სერვისსა და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების შეცვლასაც მოიცავს. საგარანტიო პერიოდში, როგორც წესი, კომპანია პასუხისმგებელია ამძრავ სისტემაზე, მართვის პანელზე, კარების მექანიზმზე, ბაგირებსა და სხვა ძირითად კომპონენტებზე – იმ პირობით, თუ ლიფტი დანიშნულების მიხედვით გამოიყენებოდა.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დამკვეთმა აუცილებლად უნდა დააზუსტოს არის ის, თუ რა ხდება საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ. ზოგიერთი კომპანია დამატებითი მომსახურების ხელშეკრულების სანაცვლოდ გახანგრძლივებულ გარანტიას გთავაზობთ, ზოგი კი პოსტსაგარანტიო მომსახურებას ცალკე პირობებით ახორციელებს. 

 

ხშირია შემთხვევა, როდესაც გარანტია არ ვრცელდება ისეთ დაზიანებებზე, რომლებიც არასწორი ექსპლუატაციით არის გამოწვეული. მაგალითად, თუ შენობაში ძაბვა არასტაბილურია და ამან სისტემას ზიანი მიაყენა, ეს შეიძლება, პირობებში არ იყოს გათვალისწინებული. ანალოგიურად, თუ მფლობელმა დამამზადებლის მიერ განსაზღვრულზე მეტი მასის ტვირთი ჩატვირთა კაბინაში – №446 დადგენილების მე-4 მუხლი ამას კრძალავს – ამით გამოწვეული დაზიანებაც გარანტიის ფარგლებს მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების დეტალური წაკითხვა აუცილებელია არა მხოლოდ იმის გასაგებად, რა შედის გარანტიაში, არამედ იმისაც, თუ რა არ შედის.

 

 

მომსახურების ხელშეკრულება: რატომ არის აუცილებელი

 

საგარანტიო პერიოდი, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ის, დროში შეზღუდულია. მისი ამოწურვის შემდეგ მოწყობილობის ტექნიკური მოვლის მთელი პასუხისმგებლობა მფლობელზე გადადის. სწორედ ამ ეტაპზე ხდება მომსახურების ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

 

საქართველოს კანონმდებლობით, მფლობელი ვალდებულია, მოწყობილობას კვალიფიციური პერსონალი ემსახურებოდეს. №446 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, მფლობელმა ლიფტის მომსახურება ასეთი პირის მიერ უნდა მიიღოს. 

 

ეს ნიშნავს, რომ მფლობელი ხელშეკრულებას დებს სპეციალიზებულ კომპანიასთან (მაგალითად, როგორიცაა CLC Elevator), რომელიც პასუხისმგებელია სისტემის რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებაზე, პროფილაქტიკურ შემოწმებებსა და გაუმართაობების დროულ აღმოფხვრაზე. 

 

ლიფტის ხელშეკრულებაში ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: რა სიხშირით ტარდება პროფილაქტიკური შემოწმება, რა ვადაში რეაგირებს კომპანია გაუმართაობაზე, შედის თუ არა სათადარიგო ნაწილები მომსახურების საფასურში და როგორ რეგულირდება საგანგებო შემთხვევები. ეს დეტალები განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მოგვარდება პრობლემა.

 

 

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხელშეკრულების გაფორმებამდე

 

ლიფტის ხელშეკრულების გაფორმებისას დამკვეთი ხშირად ყურადღებას მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ვადებზე ამახვილებს, თუმცა რამდენიმე სხვა საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

პირველ რიგში, გასარკვევია, თუ ვინ ახორციელებს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. კანონმდებლობის მიხედვით, მოწყობილობამ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება აკრედიტებული ორგანოს მიერ. ზოგიერთი კომპანია ამ პროცესში დამკვეთს ეხმარება – წინასწარ ამოწმებს ლიფტს და ამზადებს ინსპექტირებისთვის. ეს საჭირო სერვისია, რადგან ინსპექტირებისას გამოვლენილმა ხარვეზებმა შეიძლება, ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვიოს.  

 

მეორე მხრივ, საყურადღებოა ტექნიკური დოკუმენტაციის საკითხი. №446 დადგენილება მოითხოვს, რომ ლიფტს თან ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია – კონსტრუქციული ელემენტების, მათი რეგულირების, მომსახურებისა და შეკეთების შესახებ ინფორმაცია, ელექტრული და კინემატიკური სქემები, ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო ინსტრუქციები. თუ მომწოდებელი ამ დოკუმენტაციას სრულად არ გადმოგცემთ, მომავალში ნებისმიერი მესამე მხარის ჩართვა – იქნება ეს სარემონტო სამუშაოებისთვის თუ ინსპექტირებისთვის – გართულდება.

 

ასევე საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული მხარეთა პასუხისმგებლობა. კანონმდებლობა ცალსახად ადგენს, რომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე მფლობელია პასუხისმგებელი. კომპანია მომსახურებას უწევს, მაგრამ საბოლოო პასუხისმგებლობა – რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და დოკუმენტაციის შენახვის ჩათვლით – მფლობელს ეკისრება. ლიფტები ექსპლუატაციაში გაშვებამდე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. 

 

 

 

პერიოდული ინსპექტირება და მისი კავშირი მომსახურებასთან

 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და მომსახურების ხელშეკრულება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პროფილაქტიკური შემოწმებები საშუალებას იძლევა, პრობლემები ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს და აღმოიფხვრას. 

 

ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, ექსპლუატაციაში მყოფი მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა იმ ნორმებთან შესაბამისობაში უნდა იყოს, რომელთა მიხედვითაც ისინი არის დაპროექტებული და დამზადებული. მომსახურების ხელშეკრულება სწორედ ამ შესაბამისობის შენარჩუნების ინსტრუმენტია. 

 

თუ ლიფტს წლების განმავლობაში არავინ ემსახურებოდა, ინსპექტირების დროს შეიძლება ისეთი ხარვეზები გამოვლინდეს, რომელთა აღმოფხვრა საკმაოდ ხანგრძლივ დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს.

 

სწორედ ამიტომ, კომპეტენტურ ლიფტის კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების დადება არა მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნა, არამედ პრაქტიკული აუცილებლობაა. რეგულარული პროფილაქტიკა ამცირებს გაუმართაობების ალბათობას, ახანგრძლივებს მოსამსახურების ვადას და, რაც მთავარია, მინიმუმამდე დაჰყავს მგზავრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

 

ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომხმარებელი დეტალურად უნდა გაეცნოს დოკუმენტს, დასვას კითხვები საგარანტიო პირობების, მომსახურების ფარგლებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ. სწორად გაფორმებული ხელშეკრულება თქვენი ლიფტის გამართული მუშაობის საფუძველია. ამ პროცესში კი CLC-ის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ.