Logo Left
Logo Right

ლიფტის მოვლა-პატრონობა: რა უნდა შეამოწმოთ რეგულარულად?

 

 

ლიფტის გამართული მუშაობა არ არის მხოლოდ კომფორტის საკითხი, არამედ მკაცრი იურიდიული ვალდებულებაცაა. სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს „ზრუნვის ვალდებულების“ (Duty of Care) პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრე ვალდებულია, შენობაში მყოფი პირებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. გაუმართაობით გამოწვეული ნებისმიერი ინციდენტი განიხილება როგორც ამ ვალდებულების დარღვევა. 

 

პრევენციული მოვლა ჭკვიანური ფინანსური სტრატეგიის ნაწილიცაა: გათვლები აჩვენებს, რომ რეაქტიული შეკეთება — ანუ ხელოსნის გამოძახება მას შემდეგ, რაც ლიფტის მუშაობაში პრობლემები დაფიქსირდა — გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე გეგმიური სერვისი. სწორედ ამიტომ, როდესაც ლიფტს დააყენებთ, დარწმუნდით, რომ მონტაჟი და შემდგომი მომსახურება ნამდვილად კვალიფიციურ ლიფტების კომპანიას მიანდეთ, რომელიც მხოლოდ თქვენგან პრობლემების შეტყობინებას არ ელოდება და ხარისხიან გეგმიურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

 

 

სტანდარტები და რეგულაციები: ევროპული და ქართული რეალობა

 

ლიფტების უსაფრთხოების სტანდარტები მუდმივად იხვეწება. ევროპაში ამ სფეროს EN 81 სერიის სტანდარტები (EN 81-20 და EN 81-50) არეგულირებს, რომლებიც საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს წარადგენენ მგზავრთა დაცულობაზე. მაგალითად, თანამედროვე სტანდარტი ითხოვს „სინათლის ფარდის“ (Light Curtain) გამოყენებას, რომელიც კარის ღიობს სრულად აკონტროლებს და გამორიცხავს მგზავრზე კარის დარტყმას, რაც ძველი ფოტოელემენტებით ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნები შახტის განათებაზე და კაბინის კედლების სიმტკიცეზე, რაც უზრუნველყოფს როგორც მგზავრების, ისე ტექნიკური პერსონალის დაცულობას. ბოლო ცვლილება EN 81 სერიაში 2024 წელს შევიდა: ახალი EN 81-41 სტანდარტი კონკრეტულად იმ ვერტიკალურ ასაწევ პლატფორმებს არეგულირებს, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (ანუ გარკვეულწილად განსხვავდება სტანდარტული სამგზავრო ლიფტებისგან). 

 

საქართველოში სფერო რეგულირდება მთავრობის #289 დადგენილებით, რომელიც ლიფტის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს განსაზღვრავს. კანონმდებლობა ითხოვს, ყველა სამგზავრო ლიფტი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გადიოდეს სავალდებულო პერიოდულ ინსპექტირებას აკრედიტებული ორგანოს მიერ. გარდა ამისა, მფლობელმა უნდა დაიცვას ტექნიკური მომსახურების კონტროლის პროგრამა (MCP), სადაც დეტალურად იქნება გაწერილი შემოწმების ინტერვალები. 

 

 

ლიფტის მფლობელის როლი: რას უნდა უნდა მიაქციოთ ყურადღება და როდის?

 

 

ბევრი შენობის მფლობელი შეცდომით მიიჩნევს, რომ ლიფტის შემოწმება მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსის საქმეა. სინამდვილეში, სწორედ მფლობელზეა ლიფტის გამართული ფუნქციონირების მთავარი პასუხისმგებლობა. რადგან მფლობელი ლიფტს (დიდი ალბათობით) ყოველდღიურად იყენებს, მეტი შანსია შეამჩნიოს ისეთი დეტალები, რომლებიც გეგმიური ვიზიტის დროს შეიძლება სპეციალისტმა ვერ ნახოს. 

 

იმ შემთხვევაში, თუ უშუალო მფლობელი შენობის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, ეს არ ნიშნავს, რომ იურიდიული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებულია. ამ შემთხვევაში საჭიროა შენობის მენეჯერის ან ამხანაგობის თავმჯდომარის შესაბამისად ინფორმირება. მნიშვნელოვანია „დაცვის ხაზის“ ორგანიზება — სულ მცირე იმიტომ, რომ გეგმიურ შემოწმებებს შორისაც კი შეიძლება ლიფტს პრობლემა გაუჩნდეს და ტექნიკურმა ჯგუფმა ამ პრობლემის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიგოს, რათა პრობლემა გართულებამდე გადაჭრას.

ლიფტის არატექნიკური შემოწმება ორ მთავარ ეტაპად იყოფა.

 

ყოველდღიური ვიზუალური და აუდიტორიული შემოწმება

 

თქვენი დაკვირვება უნდა დაიწყოს გაჩერების სიზუსტის (Leveling) კონტროლით, რადგან ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პარამეტრია. როდესაც კარი იღება, კაბინის იატაკი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს სართულის იატაკს; სულ რაღაც 1-1.5 სანტიმეტრის ცდომილებაც კი წაქცევის სერიოზულ საფრთხეს (trip hazard) ქმნის მგზავრებისთვის და მიანიშნებს მუხრუჭის ან მართვის სისტემის ცვეთაზე. 

 

ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ კარის მუშაობას — რამდენად გლუვად მოძრაობენ სლაიდერები? კარი უნდა მოძრაობდეს შეუფერხებლად, ხოლო სლაიდერები უნდა იყოს სუფთა — გაჭედილი ხრეში, მტვერი ან წვრილი ნაგავი ლიფტის კარის გაჭედვის ნომერი პირველი მიზეზია.

 

გარდა ვიზუალური დათვალიერებისა, მნიშვნელოვანია სმენითი დიაგნოსტიკაც. გამართული მოწყობილობა უნდა მოძრაობდეს შედარებით ჩუმად, ზედმეტი ვიბრაციის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ახალ ან უჩვეულო ხმას, რომელიც მეტალის ხახუნს, წრიპინს ან ბრახუნს ჰგავს. მსგავსი ხმები ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ მიმმართველ რელსებს გაპოხვა სჭირდება, ან რომელიმე მექანიკური კვანძი გამართულად ვეღარ მუშაობს. ასევე, მნიშვნელოვანია კაბინის განათებისა და ღილაკების მდგომარეობა — დამწვარი ნათურა ხშირად ვანდალიზმის ბრალია, მაგრამ არაა გამორიცხული ელექტრული სისტემის ხარვეზის ნიშანიც იყოს. ყველა ამ სიტუაციაში ტექნიკური ჯგუფის გამოძახება აუცილებელია

 

 

პერიოდული ფუნქციური ტესტები

 

ყოველდღიური დაკვირვების გარდა, რეგულარულად უნდა ჩატარდეს რამდენიმე მარტივი, მაგრამ კრიტიკული ტესტი. თვეში ერთხელ აუცილებელია საგანგებო ტელეფონის სრულფასოვანი შემოწმება. უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა და „ზუმერის“ მოსმენა არ არის საკმარისი; ADA სტანდარტის მიხედვით, ოპერატორმა უნდა შეძლოს თქვენი ზუსტი მისამართისა და ლიფტის ნომრის დასახელება ისე, რომ თქვენ არ უკარნახოთ. ეს კრიტიკულია იმ სიტუაციებისთვის, როცა მგზავრი ლიფტში ცუდად ხდება და საუბარი არ შეუძლია. ასევე, დარწმუნდით, რომ კავშირი ორმხრივია და ოპერატორს შეუძლია პირდაპირ კაბინაში უკან გადმორეკვა.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა სახანძრო რეჟიმის (Firefighters’ Emergency Operation) ტესტირებაა. ის სასურველია თვეში ერთხელ ჩატარდეს, მაგრამ თუ ასე ხშირად ჩატარება შეუძლებელია, ეცადეთ 2-3 კვირაში ერთხელ მაინც გატესტოთ. პროცესი გულისხმობს „Phase 1 recall“ ფუნქციის შემოწმებას, რომლის დროსაც კაბინა ავტომატურად უნდა ჩამოვიდეს პირველ სართულზე და გააღოს კარები. პროცედურა საკმაოდ მარტივია, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი — სახანძრო რეჟიმის გამართულად მუშაობა დიდწილად გადაწყვეტს რამდენად ეფექტურად წარიმართება საგანგებო სიტუაციებში ევაკუაცია.

 

 

ლიფტის კომპანიის როლი: რას ამოწმების ტექნიკური ჯგუფი?

 

თუ მფლობელი ამოწმებს იმას, რაც ხილულია, სერტიფიცირებული ტექნიკოსი ამოწმებს იმას, რაც დაფარულია და მოითხოვს სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს. 

 

პროფესიონალური მომსახურების სპეციფიკა დამოკიდებულია სისტემის ტიპზე. სტანდარტული წევის (Traction) ტიპის ლიფტები მუშაობს ბაგირებისა და ხახუნის ძალის პრინციპით, ამიტომ ამ ტიპის მექანიზმის შემოწმებისას ტექნიკოსის მთავარი საზრუნავია დარწმუნდეს, რომ ბაგირების ფიზიკური მდგომარეობა სტანდარტების შესაბამისია. უნდა შეამოწმოს ბაგირების დიამეტრი, დარწმუნდეს, რომ შიდა გული მთელია და გააკონტროლოს დაჭიმულობის თანაბრობა. სპეციალური ხელსაწყოთი (feeler gauge) მოწმდება მუხრუჭი — ხელსაწყო ზომავს მიკროსკოპულ მანძილს ხუნდსა და დისკს შორის (Air Gap), რათა გამოირიცხოს მუხრუჭის დაგვიანებული მოქმედება.

 

განსხვავებული მიდგომა სჭირდება ჰიდრავლიკურ სისტემებს, რომლებიც ხშირად გამოიყენება მძიმე ტვირთის გადასატანად.

 

მაგალითად, კომერციული დანიშნულების სატვირთო ლიფტი, როგორც წესი, მუშაობს ზეთის წნევის ხარჯზე, ამიტომ მთავარი საფრთხე სითხის გაჟონვაა. ტექნიკოსი ატარებს „ცილინდრის დრეიფის ტესტს“ (Cylinder Drift Test) — ტვირთით დატვირთულ კაბინას აჩერებენ და 15 წუთის განმავლობაში აკვირდებიან, დაიწევს თუ არა ის დაბლა. ეს ტესტი ავლენს სისტემაში არსებულ ფარულ, ხშირად მიწისქვეშა გაჟონვას, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. გარდა ამისა, მოწმდება ზეთის ხარისხი: დამწვრის სუნი ან მღვრიე ფერი მიანიშნებს სისტემის გადახურებაზე, რამაც შეიძლება ტუმბო დააზიანოს.

 

ლიფტის მოვლა კომპლექსური პროცესია. მოითხოვს როგორც მფლობელის მხრიდან ყურადღებას, ისე სანდო პროფესიონალების ტექნიკურ ჩარევას. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უცნაური ხმა, ვიბრაცია ან ცვლილება შესაძლოა მნიშვნელოვანი სიგნალი იყოს და სულ მცირე ტექნიკური შემოწმება აუცილებლად საჭიროა. სწორი ლიფტების კომპანიის შერჩევა დაგეხმარებათ მარტივად მიიღოთ პრობლემაზე დროული რეაგირება და უზრუნველყოთ მგზავრების უსაფრთხოება.