Logo Left
Logo Right

თანამედროვე ლიფტის კაბინის დიზაინი: ფუნქციურობა vs. ესთეტიკა

 

თანამედროვე არქიტექტურაში ლიფტის კაბინის დიზაინს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებით კომერციული ობიექტის პროექტის შემუშავებისას დიზაინისას ინჟინერიისა და უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებთან ერთად ფერებზე, განათებასა და მასალაზეც ფიქრობენ.

 

ლიფტის კაბინა ხშირად შენობის ის მონაკვეთია, სადაც ვიზიტორი პირველად და ბოლოჯერ ყოვნდება, ამიტომ მის საერთო შთაბეჭდილებაზე შეუძლია დიდი გავლენა ჰქონდეს — ნეგატიურად განაწყოს ვიზიტის დაწყებამდე ან გააფუჭოს ვიზიტის განმავლობაში შექმნილი პოზიტიური გამოცდილება.

 

ამიტომ დღესდღეობით კომერციული ობიექტების მფლობელები ლიფტების დიზაინს ისეთივე სიფრთხილით უდგებიან როგორც შენობის ინტერიერის სხვა, უფრო მასიურ, ელემენტებს.

 

ლიფტის კაბინის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ სტანდარტებს. მაგალითად, კაბინა „ფუნქციურ იატაკზე“ შენდება, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ნებისმიერი კომპეტენტური ლიფტების კომპანია პროცესს უსაფრთხოების კოდექსის თანახმად წარმართავს. ეს შეიძლება იყოს ამერიკული ASME A17.1 ან ევროპული EN 81 სერიის სტანდარტები (საქართველოში, როგორც წესი, კომპანიები უფრო ხშირად EN 81 სერიით ხელმძღვანელობენ). ამ რეგულაციებთან სრულ თანხმობაში უნდა იყოს შერჩეული მასალები, სავენტილაციო სისტემები, საავარიო განათება და ა.შ. ინტერიერის ინდივიდუალური ვიზუალის შემუშავებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, როდესაც საკანონმდებლო ჩარჩოთი და სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებულია. 

 

 

რა ასპექტები განსაზღვრავს ფსიქოლოგიურ კომფორტს ლიფტის კაბინაში?

 

ლიფტის ინტერიერს პრაქტიკული დატვირთვა აქვს — სწორი დიზაინის შერჩევა მგზავრის განწყობის მართვაში კრიტიკულ როლს თამაშობს. 

 

ლიფტის კაბინა დახურული, მცირე ზომის სივრცეა, რას ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილში ხშირად დისკომფორტს ან შფოთვას იწვევს. დიზაინისას მთავარი ამოცანა სწორედ ამ შეგრძნების შემსუბუქება და მგზავრობის სასიამოვნო პროცესად ქცევაა. 

 

მაგალითად, კვლევები ამტკიცებს, რომ მკვეთრი, „საავადმყოფოს ტიპის“ ფლუორესენციული ნათება სტრესს იწვევს, ხოლო რბილი, ჭერის პერიმეტრზე განლაგებული დამალული განათება — ამშვიდებს. თან ასეთ ნათებას დამატებითი ეფექტიც აქვს — სივრცეს ვიზუალურად აფართოებს.

 

იგივე მიზანს ემსახურება სარკეც — ძველი, მაგრამ ეფექტური ხერხია ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად, რომ მცირე, ჩაკეტილი ფართობი უფრო ვრცელი და ღია გამოჩნდეს. მნიშვნელოვანია აკუსტიკა და მასალის შეხებით აღქმაც. ღილაკების დაჭერის ხმა, კაბინის მოძრაობის სირბილე და ხელსაყრელი მასალის ტემპერატურაც კი ქვეცნობიერად მოქმედებს მგზავრის მიერ უსაფრთხოების აღქმაზე.

 

 

ტიპოლოგიური განსხვავებები: როგორ იქმნება კაბინის დიზაინი სხვადასხვა დანიშნულების ლიფტებისთვის?

 

ყველა ლიფტის კაბინა ერთი პრინციპით არ პროექტირდება. საბოლოო პროდუქტის ვიზუალს საბოლოო ჯამში მისი მთავარი ფუნქციური დანიშნულება განსაზღვრავს.

 

ავიღოთ თუნდაც სტანდარტული სამგზავრო ლიფტი, რომელსაც საცხოვრებელ და საოფისე შენობებში ვხვდებით. აქ დიზაინის მიზანია გამძლე და ესთეტიკურად სასიამოვნო დიზაინი ზომიერ ბიუჯეტთან დაბალანსდეს. ხშირად გამოიყენება უჟანგავი ფოლადი და მაღალი წნევის ლამინატი (HPL), რადგან ეს მასალები უძლებს ხშირი მოხმარებისგან გამოწვეულ ცვეთას და ადვილი მოსავლელია. პოპულარულია მინიმალისტური დიზაინი — ერთი მხრივ სუფთა ხაზები და ნაკლები დატვირთვა ვიზუალურ ხმაურს ამცირებს და მგზავრისთვის კომფორტულია, მეორე მხრივ კი ეკლექტური და ორიგინალური დეტალების ნაკლებობა ბიუჯეტური ვარიანტების შექმნის საშუალებას იძლევა.

 

განსხვავებული მიდგომა სჭირდება ინდუსტრიულ სატვირთო ლიფტს. ესთეტიკურ მხარეს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს — მთავარი კრიტერიუმი ტვირთის სწორი კლასიფიკაცია (Classes of Loading) და კაბინის კონსტრუქციული სიმტკიცეა. ასეთ კაბინებში სარკეს ვერ შეხვდებით — დიზაინი მაქსიმალურად უტილიტარისტულია, კედლები სქელი ფოლადისგან მზადდება, ხოლო იატაკი — დაღარული რკინისგან, რომელიც დიდ სიმძიმესა და დარტყმის ძალას უძლებს.

 

მსგავსი მიდგომა გამოიყენება საავადმყოფოს ლიფტის დიზაინშიც. ნაკლებმნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება კაბინა, მთავარი მისი ოპტიმალური ფუნქციურობაა — კაბინა უნდა იყოს საკმარისად დიდი საკაცით გადასაყვანი პაციენტისა და სამედიცინო აპარატურის კომფორტული ტრანზიტისთვის (მინიმუმ 1200×2300მმ ან მეტი, დამოკიდებულია სტანდარტზე). ზედაპირებზე უნდა იყოს ანტიმიკრობული საფარი, ხოლო ვენტილაცია — აღჭურვილი HEPA ფილტრებითა და UV-C სისტემებით ჰაერის გასაწმენდად. 

 

განსაკუთრებით მაღალი სტატუსის მქონე საავადმყოფოებში შეიძლება კაბინის ესთეტიკასაც დაეთმოს ყურადღება — კედლები უფრო თბილი ფერის საფარით იყოს დაფარული, ხოლო განათება სტანდარტულზე რბილი იყოს — მაგრამ, როგორც წესი, ეს სპეც-შეკვეთით დამზადებული დიზაინის დეტალებია, რომელიც გამონაკლისია და არა სტანდარტი.

 

 

ლიფტის კაბინა სპეც დიზაინით: როგორ იცვლება ფასი სტანდარტულთან შედარებით?

 

პასუხი სრულიად დამოკიდებულია იმაზე, რა მასალებს იყენებენ ინჟინერი და დიზაინერი კაბინის პროექტირებისას. თუ იყენებენ მძიმე მასალას, მაგალითად, ბუნებრივ ქვას და სქელ მინას, იზრდება კაბინის წონა, მძიმე კაბინას კი სჭირდება უფრო ძლიერი ძრავა, უფრო მსხვილი ბაგირები და მძლავრი სამუხრუჭე სისტემა. შესაბამისად, ესთეტიკური გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ტექნიკურ ხარჯზე.

 

ყველაზე ძვირადღირებული კატეგორია პანორამული ლიფტია. მინას აქვს როგორც დეკორატიული, ისე სტრუქტურული ფუნქცია. საჭიროა სპეციალური ნაწრთობი და ლამინირებული მინა, რომელიც უძლებს დინამიკურ დატვირთვას, ქარს და ტემპერატურულ ცვლილებებს. 

 

21-ე საუკუნის კიდევ ერთი პოპულარული ტენდენცია დიზაინში მდგრადი განვითარება და ეკოლოგიურობაა. დამკვეთები სულ უფრო ხშირად ითხოვენ გადამუშავებულ მასალებს, ბამბუკს ან ენერგოეფექტურ LED განათებას. მსუბუქი კომპოზიტური მასალების გამოყენება ამცირებს კაბინის წონას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას — მაგრამ ამგვარი მასალებით ლიფტის კაბინის მოპირკეთება ზრდის პირველად ხარჯს, თანაც ისინი ყველა ტიპის ლიფტისთვის არ გამოდგება.